კიდევ სამი თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების მოთხოვნა – ნიკა მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრედიტო შენატანების კიდევ სამი თვით გადავადებას მოითხოვს.

ივნისიდან იწურება სამთვიანი ვადა, რომლის დროსაც მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებს აღარ იხდიდნენ.

„ნაციონალიურ მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, საქართველოში 10 მოქალაქიდან 7-ს ბანკის ვალი აქვს და ივნისიდან მოქალაქეებს კიდევ უფრო გაძვირებული სესხის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან პროცენტის გადანაწილებაც გახდება საჭირო.

„როგორ? – ისმის კითხვა. სამუშაო ადგილები აღადგინეთ? მომსახურების სექტორი ყვავის? ეკონომიკა ამუშავდა? არა. ყველაფერი ისეა გაჩერებული, როგორც არასოდეს.

ივნისიდან ხალხი ფულის გადახდას კი არ დაიწყებს, არამედ თქვენ დაიწყებთ იძულებით აღსრულებას. დაუყადაღებთ, ინკასოებს დაადებთ და ა.შ. რადგან ეს ხალხი ვერ გადაიხდის“. – ამბობს ნიკა მელია.

მელიას თქმით, მისი პოლიტიკური პარტიის კატეგორიული მოთხოვნაა (და ის დარწუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც გაიზიარებენ ამას, რადგან, მისი თქმით, აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ვისი მხარდამჭერია), კიდევ სამი თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი და ხალხს არ უნდა დააფარინონ სესხის არც ძირი და არც მასზე დაკისრებული პროცენტი.