კიდევ უფრო მეტ სასტიკ მოქმედებებს ველით დონბასში და ხარკოვთან - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი ემზადებიან რუსეთის მხრიდან უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტი სისასტიკისა და ძალადობისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევთან ახლოდებარე ბუჩაში ჩასვლისას ისაუბრა, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ნახეს მოკლული.

„ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, რადგან კიდევ უფრო სასტიკ ქმედებებს ველოდებით აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე. ჩვენ ვიცით, რასაც აპირებენ დონბასში. ვიცით, რასაც აპირებენ ხარკოვის მიდამოებში, ქვეყნის ზოგიერთ სხვა ნაწილში.

რუსეთი იქ თავს უყრის დიდი რაოდენობით ჯარსა და შეიარაღებას. ეს კი აჩვენებს, რომ სანქციები, ჯერჯერობით, საკმარისი არაა რუსეთისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მარტის ბოლოს უკრაინის ჩრდილოეთში კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის მიმართულებებიდან რუსულმა ჯარმა უკან დახევა დაიწყო. ამ დროისთვის ისინი ამ ოლქებიდან უკვე სრულად გავიდნენ.

3 აპრილს კიევის ოლქში, გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულმა უკრაინელმა სამხედროებმა ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული ადამიანების ცხედრები, ასევე, სარდაფებში დახოცილი, დამწვარი ბავშვები და ქალები ნახეს. უკრაინულმა მხარემ ვიდეო და ფოტომასალაც გაავრცელა, რომელიც ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს ასახავს. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.