კიევის პეჩორის ლავრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარება, არქიმანდრიტი ნექტარიუსი გარდაიცვალა. როგორც უკრაინული გამოცემა Unian წერს, 73 წლის ბერის სიკვდილი კორონავირუსის ინფექციამ გამოიწვია.
არქიმანდრიტის სიკვდილს ადასტურებენ თავად ლავრაშიც, თუმცა მიზეზს არ ასახელებენ. როგორც უკრაინული გამოცემა წერს, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს კიევის ალექსანდრეს საავადმყოფოში, სადაც არქიმანდრიტი მკურნალობდა. ლავრიდან საავადმყოფოშია გადაყვანილი მონასტრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლეც.
Unian სხვა უკრაინულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ლავრაში, სავრაუდოდ, უკვე 63 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. კიევის პეჩორის ლავრა დღეს კარანტინის გამო დაკეტილია.