კიკნაძე: გამარჯვებული პროექტის შეჩერების მოთხოვნა ჩვენი მეცნიერების ისტორიისთვის უპრეცედენტოა

პუბლიკა

საინიციატივო ჯგუფმა „ხელოვნების მუზეუმისთვის“ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გახმაურებულ გადაწყვეტილებაზე პრესკონფერენცია გამართა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მუზეუმების დირექტორატმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს წერილი მისწერა და ფონდის კონკურსში მუზეუმის მიერ წარდგენილ 13 გამარჯვებულ პროექტზე უარი თქვა. მუზეუმების დირექტორატი 5 წევრისგან შედგება და სამეცნიერო ფონდისთვის დაფინანსებულ პროექტებზე უარის გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ წევრი, დავით ლორთქიფანიძე არ დაეთანხმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დირექტორატის გადაწყვეტილება შეაფასეს და ამ გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზები დაასახელეს. სულხან სალაძის თქმით, სამეცნიერო ფონდმა გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების სია 28 იანვარს გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებულებს შორის 13 ეროვნული მუზეუმის მიერ ნომინირებული პროექტები იყო.

„13 პროექტში არის ორი პროექტი, რომლის უკანაც სამუზეუმო სისტემიდან წულუკიანის მიერ გათავისუფლებული ადამიანები დგანან. ამის მიუხედავად, მათ სრული უფლება ჰქონდათ, როგორც მეცნიერებს ემუშავათ ფონდებში. მინისტრი წულუკიანი თავისი გადაწყვეტილებებით სრულ იზოლაციაში აქცევს ეროვნულ მუზეუმს და ყველაფერი მინისტრის გადაწყვეტილებაზე ხდება დამოკიდებული“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

7 თებერვალს მუზეუმის დირექტორატმა რიგგარეშე სხდომა მოიწვია, სადაც სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ იმსჯელეს. სულხან სალაძის თქმით, სწორედ აღნიშნულ სხდომაზე დირექტორატმა კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ სამეცნიერო ფონდს მისწერა, რომ უარს ამბობენ დაფინანსებულ პროექტებზე.

ფონდის დირექტორატი, კერძოდ კი, ნიკა ახალბედაშვილი სამეცნიერო ფონდისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ კონკურსში მუზეუმის მიერ ნომინირებული პროექტების შესახებ დირექტორატმა არაფერი იცოდა და ეს გადაწყვეტილება დავით ლორთქიფანიძემ დირექტორატის გვერდის ავლით მიიღო.

სულხან სალაძის თქმით, ჯერ კიდე მაშინ, როცა მუზეუმმა სამეცნიერო ფონდში ნომინირებული პროექტების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, დირექტორატი იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს ფუნქციონირებს, არ არსებობდა, ამიტომ კანონდარღვევაზე საუბარი შეუძლებელია.

პრესკონფერენციაზე დირექტორის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ეკა კიკნაძემ.

„13 ინტეგრირებული კვლევის შეჩერება, 13 გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის შეჩერების მოთხოვნა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნის მეცნიერების ისტორიაში. ჩვენ საქმეს გვაქვს იმ ადამიანების დისკრიმინაციასთან, რომლებიც ქალბატონ მინისტრს არ მოსწონს. ეს კიდევ ერთი დარტყმაა ამ ინსტიტუციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა სამეცნიერო კვლევით ცენტრად და სადაც მობილიზებულია ქვეყნის დიდი ინტელექტუალური რესურსი.

ცამეტივე პროექტის უკან დგანან მეცნიერი ადამიანები, რომელთათვისაც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის ერთადერთი წყარო კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. ამ კვლევებში ჩართულია 13 ახალგაზრდა მეცნიერი და 13 ახალგაზრდა მეცნიერს აქვს შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში ჩართული იყოს უწყვეტ სამეცნიერო კვლევაში, რაც კარგი შესაძლებლობაა შემდგომი აკადემიური კარიერისთვის. პროექტების უმრავლესობა ინტეგრირებულ და ინოვაციურ კვლევებზეა დაფუძნებული. უმეტესობა საერთაშორისოა და ჩართული არიან წამყვანი სამეცნიერო, სამუზეუმო ცენტრების წარმომადგენლები. ეს გადაწყვეტილება კოლეგებთან უცნაურ რეპუტაციულ გაუგებრობას წარმოშობს“, – განაცხადა ეკა კიკნაძემ.