კიკნაძე კობახიძეს: წულუკიანის ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამზიარებელი თქვენც ხდებით

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ხელოვნების მუზეუმიდან, თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ჰკითხეს. კობახიძის თქმით, მას წულუკიანთან კომუნიკაცია ჰქონდა და მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას სამართლიანი, გამართული და პრინციპული პროცესი უწოდა.

კობახიძის შეფასებას სოციალურ ქსელში ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი და ხელოვნებათმცოდნე, ეკა კიკნაძე გამოეხმაურა.

„მედიიდან გავიგე, დაინტერესებულხართ მუზეუმში ჩატარებული წმენდით და წმენდის ავტორი წულუკიანისგან მიგიღიათ განმარტება, რომ რეორგანიზაცია ჩატარდა „გამართულად, სამართლიანად და პრინციპულად“; რომ „კულტურაში არის გაბერილი შტატები და იქ ბევრი არაკვალიფიციური ადამიანი მუშაობს“.

ბატონო ირაკლი, როდესაც ამბობთ, რომ წულუკიანი ყველაფერს „გამართულად, სამართლიანად და პრინციპულად“ აკეთებს, ნუთუ, არ გსმენიათ, რომ აქამდე მის მიერ გათავისუფლებული ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ სასამართლო დავებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის კომპენსაციის სახით უკვე გადახდილია ნახევარ მილიონზე მეტი ლარი? არ გსმენიათ, რომ წულუკიანის მიერ თანამშრომლების გათავისუფლების საბაბი ადამიანების იდეოლოგიური მიუღებლობა, მათი ფეისბუქპოსტები ან თავისუფლად გამოთქმული პროფესიული მოსაზრება ხდება და არა მათი კვალიფიკაცია?

სანამ ამ საკითხზე საჯარო განცხადებას გააკეთებდით, დაინტერესდით ვისზეა საუბარი და რა გაუკეთებიათ გათავისუფლებულ ან ჩამოქვეითებულ ადამიანებს თავის პროფესიაში?

მე, წულუკიანის ადმინისტრაციის მიერ მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაყვანილი, გეკითხებით: რა ნიშნით იწუნებთ ჩემ კვალიფიკაციას? ან დინარა ვაჩნაძის? ნანა ბურჭულაძის? ნინო ჩიხლაძის? ნინო ხუნდაძის? თუ არც მე მიცნობთ და არც ეს ადამიანები იცით ვინ არიან და რა გაუკეთებიათ სფეროსთვის, როგორ აძლევთ თავს უფლებას ასეთი საჯარო განცხადება გააკეთოთ? ჩამოგითვალოთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიკეთებია? ზოგიერთს – მანამდეც, ვიდრე თქვენ დაიბადებოდით?!

არც ის გიქმნით დისკომფორტს, რომ 2022 წლის დასაწყისში, რომლის პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრმა უმუშევრობის დაძლევა დასახა, წულუკიანმა მიზერულ ხელფასზე მომუშავე მეცნიერები დატოვა უმუშევარი? ნებისმიერ საკითხში გარკვევას ერთზე მეტი ადამიანის აზრით დაინტერესება სჭირდება.

ჩემგან ეს არ უნდა გესწავლებოდეთ, რადგან თქვენ ქვეყანას მართავთ. ამ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას თქვენ მიერ ბრმა ნდობით აღჭურვილი მინისტრი რენტაბელობის მიხედვით, ხოლო ადამიანებს, ვინც წლებია მემკვიდრეობას ემსახურებიან, იდეოლოგიური მიზანშეწონილობის მიხედვით აფასებს.

ეს დამანგრეველია ქვეყნისთვის, რომლის მთავარი მონაპოვარი მისი კულტურული მემკვიდრეობაა. თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი მტერი ვერ გირჩევდათ ისეთ დამაზიანებელ ფიგურას, როგორიც თეა წულუკიანია. წულუკიანის მართვის მეთოდი და სფეროს ტოტალური კონტროლის სურვილი განწირულია დიდი მარცხისთვის. საბჭოთა წარსულის დაბრუნებას ეს ქვეყანა აღარ დაუშვებს. დღევანდელი განცხადების შემდეგ კი, წულუკიანის ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამზიარებელი, თქვენც ხდებით“, – წერს ეკა კიკნაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს კითხვაზე – თუ რას ფიქრობდა ის მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების საქმეზე – უპასუხა:

„ჩვენი ფუნქციაა, რომ ნებისმიერი ასეთი პრეტენზიის შემთხვევაში მოვიკითხოთ საკითხი და ა.შ. ჩვენ თეა წულუკიანთან, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, კომუნიკაცია გვქონდა. მე ისედაც დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანი არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რაღაც პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩაეძიონ და ნახონ, რამდენად გამართულია ეს გადაწყვეტილებები. რაც გვაქვს ინფორმაცია წულუკიანისგან, ყველაფერი სამართლიანად, გამართულად და პრინციპულად გაკეთდა“, – განაცხადა კობახიძემ.

თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მალევე დაიწყო საკადრო ცვლილებები ხელოვნების მუზეუმში. მუზეუმის დირექტორის ეკა კიკნაძის გათავისუფლების შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლება გაგრძელდა. ნოემბერში გაათავისუფლეს გიორგი თოფურია, რომელიც 2018 წლიდან მუშაობდა კურატორის თანაშემწედ მუზეუმში. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მუზეუმთან მიმართებით პრობლემური გადაწყვეტილებები გააპროტესტეს და სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი გათავისუფლების. სულ ბოლო საკადრო გადაწყვეტილებები მუზეუმმა 2022 წლის იანვარში მიიღო. 14 იანვარს გაათავისუფლეს სამი კურატორი: ნინო ხუნდაძე, ნინო ჩიხლაძე და ნანა ბურჭულაძე.

21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება.