კილაძე: სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზარდა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დღეს სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოციალური მუშაკის ხელფასი 1 იანვრიდან 1200 ლარამდე გაიზარდა.

კილაძის ინფორმაციით, სოციალურ მუშაკებს 20 იანვრისთვის ჩაერიცხებათ პირველი მომატებული ხელფასი. მისი თქმით, აღნიშნული ოდენობა 2025 წლამდე გაორმაგდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფროსი სოციალური მუშაკების ხელფასი 1400 ლარი გახდება. უწყების ინფორმაციით, აქამდე უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი 1000 ლარი იყო, სოციალური მუშაკის კი – 800 ლარი.


სოციალური მუშაობის რეფორმამდე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. გაფიცვა 2 აპრილს შეწყდა, თუმცა სოცმუშაკები აცხადებდნენ, რომ მათი 20-ზე მეტი მოთხოვნის დიდი ნაწილი შეუსრულებელი დარჩა. გაფიცულები მოითხოვდნენ სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, ხელფასის გაზრდას და ა.შ.