კინემატოგრაფისტების მოძრაობა უერთდება ქართველი მწერლების პროტესტს:
“დაუმორჩილებლობა კულტურის სამინისტროს რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას!
ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე კულტურის ყველა დარჩენილი ინსტიტუციის მიზანმიმართული მოშლის მცდელობისა და მმართველების ერთპიროვნული ხელდასხმის.
არ დავუშვებთ კულტურის მიტაცებას, ცენზურის ნორმალიზებას და საბჭოთა ტიპის რეპრესიების დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისო!
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია‼️” ვკითხულობთ, კინემატოგრაფისტების განცხადებაში.
საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
ქეთევან დუმბაძე ამჟამად პარლამენტის წევრია. კულტურის სამინისტროს განცხადებით, მას დეპუტატის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიის დაწყებისას შეუწყდება და მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.
მწერალთა სახლის წინა ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური ამბობდა, რომ 2 აგვისტოს კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უფლებამოსილების 4-წლიანი ვადის გასვლის შესახებ აცნობეს. ნატაშა ლომოურმა 2 აგვისტოსვე მიმართა მინისტრს და აცნობა, რომ დაინტერესებულია ვადის გაგრძელებით, თუმცა მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.