ქართული კინოსექტორის წარმომადგენლების საპროტესტო გზავნილები სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზეც გამოჩნდა.
20 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში სვანეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელსაც, ორგანიზატორების ინფორმაციით, 100-მდე ქართველი და უცხოელი კინოხელოვანი, მათ შორის, სანდენსის კინოფესტივალის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
საერთაშორისო პლატფორმა პროტესტის მონაწილეებმა გზავნილებისთვის გამოიყენეს.
„ქართული კინო საფრთხეშია!“ – ამ წარწერით გავიდა ფესტივალზე ფილმები:
- „პაპანაქება“ – რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი;
- „ჯადოსნური მთა“ – მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოითი;
- „წყალტუბო“ – ტობი ანდრისი;
- „მეტალურგი“ – გიორგი ვარსიმაშვილი;
- „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – ბესო სოლომანაშვილი;
- „უარყოფითი რიცხვები“ – უტა ბერია;
- „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ – ირინე ჟორდანიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი;
- „ყელსაბამი“ – ლევან შუბაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი.
გარდა ფილმისთვის წამძღვარებული საპროტესტო წარწერისა, რამდენიმე კინემატოგრაფისტმა საზოგადოებას კინოსექტორში არსებულ პრობლემებსა და პროტესტის შინაარსზე მიაწოდა ინფორმაცია.
„სანამ ჩემს პროექტს წარვადგენ, მინდა, ჩემი წუხილი გაგიზიაროთ ქართულ კინოსა და კულტურაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო.
ცენზურის ფაქტები უკვე გამოვლენილია. ჩვენ გვეუბნებიან, როგორი კინო უნდა გავაკეთოთ, როგორი დასასრული უნდა ჰქონდეს ჩვენს ფილმებს. ამასთან, საქართველოში ფილმების დაფინანსების ერთადერთ წყაროს – კინოცენტრს, არ ეძლევა ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. ეს მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ გამოწვევები გაიზრდება. უამრავი ქართველი კინემატოგრაფისტი, ორ თვეზე მეტია, ვაპროტესტებთ ამ მოვლენებს და გვწამს, რომ ქართული კინო იქნება დამოუკიდებელი!“, – ინგლისურ ენაზე მიმართა რეჟისორმა ლევან შუბაშვილმა აუდიტორიას.
კინოსფეროში ძალაუფლების საფრთხეზე ისაუბრა რეჟისორმა ბესო სოლომონაშვილმა.
„შეიძლება, არ იყოს სწორი, რომ კინოსფეროში ისაუბრო ძალის პოზიციიდან – პოზიციიდან, რომ მე მაქვს ძალაუფლება და ვარ აბსოლუტურად მართალი და არ მაინტერესებს სხვა აზრი; თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ნელ-ნელა გადაივლის, ვიპოვით ამ გადაკვეთის წერტილებს. სხვანაირად, ყვველასათვის იქნება ძალიან რთული და ქართული კინო, მართლაც, შეიძლება, ხიფათის წინაშე დადგეს, თუ ეს გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი მოგვცემს საშუალებას, ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები, რადგან მეგობრებო, ერთ ჩემს ნაცნობ მხატვარს დავესესხები, ხელოვნება ცოცხალია და თავისუფალი, როგორც ვიცით“, – აღნიშნა მან.
„Მნიშვნელოვანია, რომ კინოცენტრი არა მხოლოდ არსებობდეს, არამედ იქ მუშაობდნენ საუკეთესო სპეციალისტები საქართველოში, სამწუხაროდ ამის ტენდენცია დღეს არაა, ამიტომაც არის, რომ ჩვენი კოლეგები და მეც აღვნიშნავთ, რომ ქართული კინო საფრთხეშია!“, – განაცხადა რეჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს დაარსდა და მისი მხარდამჭერი ეროვნული კინოცენტრი და კულტურის სამინისტროა.
ქართველი კინემატოგრაფისტების ნაწილი თვეზე მეტია, კინოცენტრში სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. კინოცენტრში დასაქმდა სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხის თანამშრომელი ბაჩო ოდიშარია.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში შრომით ხელშეკრულება 8 ადამიანს შეუწყდა, ორმა კი კინოცენტრი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოსპობას და კინოინდუსტრიაში ცენზურის შემოტანას მოასწავებს. კინოცენტრის თანამშრომელთა პოზიციას იზიარებს კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი და უკვე თვეზე მეტია, პერმანენტულ აქციებს მართავენ, ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლის მოთხოვნით.