„დიახ, მეც ვნახე ოპონენტების კომენტარები, მაგრამ ამას კინკლაობას ვერ დავარქმევ, რადგან კინკლაობას ორი მხარე სჭირდება – ჩვენ კი ახლა კინკლაობისთვის ნამდვილად არ გვცალია. შეიძლება ითქვას, ისინი ამაში მარტო არიან“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკულ მოსაზრებებს, ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ პოზიტიური საერთაშორისო შეფასებები ეფუძნება იმას, რომ ობიექტური გარე დამკვირვებლები ხედავენ სწორ ნაბიჯებს და ხედავენ შედეგებსაც.
„კინკლაობის დრო არ არის. საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულნი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე და ვზრუნავთ ადამიანებზე, რამდენადაც ეს შეიძლება. თქვენ მეკითხებით, შეიძლება თუ არა, ოპოზიციამ ამ ვითარებაში ფეხი მოიკიდოს? ფეხი რომ მოიკიდონ კორონავირუსის საკითხით, ამის ალბათობას ვერ ვხედავ, მაგრამ ხელი რომ მოჰკიდონ საქმეს და დაეხმარონ მოქალაქეებს, ამის შესაძლებლობა დღეს ყველას აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიაშია. ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, მედიას და ყველა კრიტიკულ კითხვას ვპასუხობთ, მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.