კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის – „მოთვინიერების“ სეანსები გააუქმა – ინფორმაციას თავად რეჟისორი სალომე ჯაში ავრცელებს. მისი თქმით, „კინოს სახლში“ ბოლო ჩვენება დღეს, 28 აპრილს გაიმართება.
როგორც სალომე ჯაში აცხადებს, კინოაკადემიის დირექტორმა სეანსების გაუქმების მიზეზად განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“.
„ვინც კინოს სახლში „მოთვინიერების” ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა, ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ. მიზეზი, რომელიც მის დირექტორს, მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“.
მინდია ესაძეს ფილმი ნანახი არ აქვს. და ვისაც არ გაქვთ ნანახი – კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.
ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ „გაიჭყლიტონ” (ესეც ციტატაა).
მოკლედ, ვეძებ დარბაზს, ეკრანს ფილმის ჩვენებების გასაგრძელებლად და მაყურებლისთვის იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ფილმის მთელმა გუნდმა ერთად შევეცადეთ შეგვექმნა. დღევანდელი სეანსი კი შედგება – 20:00-ზე კინოს სახლში“, – აცხადებს სალომე ჯაში.
გაყიდული ბილეთებით შესული თანხა უნდა გადარიცხულიყო ფონდში – DOCU/HELP იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ. „მოთვინიერების“ ჩვენება 29 აპრილს, 5-6 და 12-13 მაისსაც იყო დაგეგმილი.
„პუბლიკა“ კინოაკადემიის დირექტორთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.