კინოაკადემიის პრეზიდენტად ნიკოლოზ აბრამიშვილი აირჩიეს. ნიკოლოზ აბრამიშვილი ამ დრომდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
გადაწყვეტილება კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობაზე მიიღეს. კინოაკადემიის ცნობით, „ყრილობაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს კინოაკადემიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (149 წევრი) და მათ, ფარული კენჭისყრით დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.“
პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრიდა – კინოაკადემიის 4 წევრი.
კინოაკადემიის ცნობით, საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ხმების შედეგად, კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნიკოლოზ აბრამაშვილი – 110 ხმა – 76%;
- ეკატერინე ანდრონიკაშვილი – 31 ხმა – 21%;
- მაია ბურდული – 1 ხმა – 1%;
- დავით ცინცაძე – 3 ხმა – 2%. (დავით ცინცაძემ მოხსნა კანდიდატურა ეკატერინე ანდრონიკაშვილის სასარგებლოდ).
ნიკოლოზ აბრამიშვილი კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის არის პროდიუსერი, მათ შორის, რუსუდან გლურჯიძის ფილმისა „აღლუმი“, მუშაობდა რეჟისორ ზურაბ მაღალაშვილის პროექტებზე.
კინოაკადემიის პრეზიდენტის არჩევნები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კონსტანტინე (მინდია) ესაძემ თანამდებობა დატოვა.
გადაწყვეტილების მოტივად ესაძემ საზღვარგარეთ მოღვაწეობა დაასახელა.
ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ არის კინოხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზაციასა და სხვა.