საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ კინოცენტრი აპირებს ქართული ფილმების რუსეთიდან დაბრუნების პროგრამა შეაჩეროს. ჩხეიძის განცხადებით, კინოცენტრმა უკვე მიმართა შესაბამისი წერილით კულტურის მინისტრს.
კინოცენტრის დირექტორის განმარტებით, ამჟამად გაფორმებულია კონტრაქტი „გოსფილმოფონდთან“ 149 660 აშშ დოლარზე. მისი საგანია 8 ქართული ფილმის ასლების დამზადება „გოსფილმოფონდის“ ბაზაზე. ამ თანხიდან 52 522 აშშ დოლარი დეკემბერში გადაირიცხა ავანსად იმ მიზნით, რომ „გოსფილმოფონდს“ შეეძინა „კოდაკის“ ფირი. ფირი ჯერ შეძენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა „გოსფილმოფონდი“ მის შეძენას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო.
„თანხის დარჩენილი ნაწილი – 325 272 ლარი – კულტურის სამინისტრომ უნდა გადარიცხოს სამუშაოების დასრულების შემდეგ. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ძვირფასია ეს პროექტი როგორც კინოცენტრისთვის, ისე პირადად ჩემთვის, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ამორალურად მიმაჩნია თანხის გადარიცხვა რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. ეს თანხა დიდი ალბათობით მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრი აპირებს პროექტის შეჩერებას. ამავე დროს კულტურის სამინისტროს ვთხოვთ, პროექტისთვის გათვალისწინებული დარჩენილი თანხა – 325 272 ლარი – ჩარიცხოს ეროვნული კინოცენტრის ანგარიშზე, იმისათვის რომ კინოცენტრმა დააფინანსოს ქართული კინოწარმოება, რომელსაც ჰაერივით სჭირდება თითოეული თეთრი. თანხა მოხმარდება მიმდინარე პროექტების დასრულებას, ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა კი აუცილებლად გაგრძელდება ომის დამთავრების შემდეგ“, – აცხადებს კინოცენტრის დირექტორი.
გაგა ჩხეიძე იმედს იტოვებს, რომ კულტურის მინისტრი კინოცენტრის თხოვნას დააკმაყოფილებს.
ეროვნულ კინოცენტრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად 2016 წლიდან ჩამოაქვს რუსეთიდან „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების ასლები მათი აციფრვისა და აღდგენის მიზნით.