კინოცენტრი: უცნაური გადაწყვეტილებაა, რომ გლურჯიძის ფილმს ჟიური დახურული რეჟიმით ნახავს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი აცხადებს, რომ რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი” მათი დაფინანსებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა და შესაბამისად, „უცნაურს” უწოდებს ვენეციის კინოფესტივალის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, „ფილმს ჟიური დახურული რეჟიმით ნახავს”.

კინოცენტრი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვენეციის სასამართლოს განჩინების გამო გაუქმდა რუსუდან გლურჯიძის ფილმის, „ანტიკვარიატის“ ჩვენება, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთ პროგრამაში უნდა ეჩვენებინათ.

პროგრამის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ცხადად არ კრძალავს ფილმის ჩვენებას, თუმცა, ამ დროისთვის ვენეციის ბიენალესთან შეთანხმებით, ჩვენებას შეაჩერებს.

„კვლავ თანადგომას ვუცხადებთ ქართველ რეჟისორს, ამჯერად – სამართლებრივ ბრძოლაშიც და ვუსურვებთ წარმატებებს საკონკურსო პროგრამაში Giornate degli Autori, საიდანაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფილმი არ ამოუღიათ და ჟიური მას ნახავს დახურული რეჟიმით, რაც, თავისთავად, უცნაური გადაწყვეტილებაა”. – წერს ეროვნული კინოცენტრი.

2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი“ წარდგენილი იქნებოდა ვენეციის კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში „საავტორო დღეები“ (Giornate degli Autori).

თუმცა, დაგეგმილ ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება 28 აგვისტოს ჩვენების გაუქმების შესახებ. ვენეციის სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოითქვა პრეტენზიები ფილმის სცენარის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია.

ერთ-ერთი მომჩივანი ხორვატიული კომპანია Avantura Film-ია, რომელიც აცხადებს, რომ „ანტიკვარიატის“ ნებისმიერი სახით გაყიდვა და დისტრიბუცია არალეგალურია, რადგან მას არ აქვს სრული თანხმობა ფილმის თანამწარმოებელი თითოეული კომპანიის მხრიდან.

„წარმოების დასაწყისში „ევრიმაჟმა“ [ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს] შეწყვიტა მხარდაჭერა, რადგან ბატონმა ზურაბ მაღალაშვილმა (შპს Cinetech) ვერ შეძლო მოთხოვნილი გამჭვირვალე დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საჭირო იყო [ევრიმაჟის] მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ამ ნორმების შეუსრულებლობა ნათელს ჰფენს საკითხებს, რომლებიც შპს Cinetech-ის მიერ პროექტის მართვას უკავშირდება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას, მან დაადგინა, რომ შპს Cinetech-მა (საქართველო), ზურაბ მაღალაშვილის ხელმძღვანელობით, არამარტო ვერ დაიცვა კოპროდუქციის ხელშეკრულების პირობები, არამედ დაარღვია „ანტიკვარიატის“ სცენარის საავტორო უფლებები. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს Cinetech-მა კოპროდიუსერებს უკანონოდ შეუზღუდა წვდომა ფილმის მასალებზე და განაგრძო ფილმის ექსპლუატაცია სათანადო ნებართვის გარეშე. ეს ქმედებები ნდობისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევაა“, – ვკითხულობთ კომპანია Avantura Film-ის მიერ „პუბლიკისთვის” მიწოდებულ პრესრელიზში.