ეროვნული კინოცენტრიდან მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე კიდევ ორი თანამშრომელი, დავით დავითიანი ლევან აბდუშელიშვილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანმა თავადვე გაავრცელეს facebook პოსტით.
„განთავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ არსებობდა „რაღაც“ კომისია, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი შრომითი ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე… რა კომისია? ვინ კომისია? კომისია, ცხადია არ არის საჯარო და კიდევ უფრო ცხადია, რომ მე არავინ დამკავშირებია/გამსაუბრებია. დახურულ კარს მიღმა და ჩემთან გასაუბრების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. ხალხო, გამოფხიზლდით და მიხვდებით ვისთან გვაქვს საქმე! 19:00-ზე , კულტურის სამინისტროსთან!“,- წერს აბდუშელიშვილი.
როგორც დავით დავითიანმა „პუბლიკას“ უთხრა მათ გარდა კიდევ 3 თანამშრომელია გათავისუფლებული, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან თანამდებობიდან გათავისუფლდნენ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული კინოცენტრის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი ცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცისთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. პროცესში ჩართულია გილდია – დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში.