კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება

პუბლიკა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, დავით დავითიანი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე ემიჯნებიან კინოცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ცენტრის ყოფილ დირექტორს, გაგა ჩხეიძესა და გოეთეს ინსტიტუტს ეხება.

„როგორც თანამშრომელი ვემიჯნები კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. ეს პოსტი არ წარმოადგენს კინოცენტრის თანამშრომლების პოზიციას. ასევე ფაქტი, რომ ერთი ორგანიზაციის სახელით, სხვა ზემდგომი ორგანიზაცია ფეისბუქზე მსგავს ტექსტს დებს, არის სრულიად სამარცხვინო იმ სხვა სამარცხვინო ამბებთან ერთად რაც ბოლო დროს მოხდა“, – წერს კინოცენტრის თანამშრომელი, კინომცოდნე დავით დავითიანი.

კინოცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ასევე გაემიჯნა კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი:

„მე როგორც კინოცენტრის თანამშრომელი ვემიჯნები და ვგმობ ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნებულ სამარცხვინო პოსტს“, – წერს აბდუშელიშვილი.

კინოცენტრის განცხადებას ასევე გამოეხმაურა კოტე ჩლაიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ განცხადება „რთული წასაკითხი იყო“ და შინაარსის დიდ ნაწილს, ფორმასა და პათოსს ემიჯნება.

„ძალიან რთული წასაკითხია ის განცხადება, რომელიც გაჩდა კინოცენტრის ფბ გვერდზე. კატეგორიულად ვემიჯნები ფორმას, შინაარსის დიდ ნაწილს და პათოსს რომელიც გაკეთდა კინოცენტრის სახელით“, – აცხადებს ჩლაიძე.

სხვა თანამშრომლების გამოხმაურების შემთხვევაში, მასალა განახლდება.


თბილისის კინოფესტივალის დამფუძნებელი, გაგა ჩხეიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენის, გოეთეს მედლის მფლობელი გახდა. გოეთეს ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პრიზიორთა ბიოგრაფია, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსული აგრესიული ომის ფონზე, რუსეთის კრიტიკისა და უკრაინისადმი სოლიდარობის დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ,  გაგა ჩხეიძე 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან.

კინოცენტრი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია „უტიფარი სიყალბეა“ და უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის რეპუტაციას და შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

„ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

დღესვე გაგა ჩხეიძემ კინოცენტრს უპასუხა და გამოთქვა ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.

„კინოცენტრს არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი, გოეთეს ინსტიტუტის პრეს-რელიზის გამო გააუქმოს ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ამისთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვაც საკმარისია.

კულტურის მინისტრს მოვუწოდებ, უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე, გაიწვიოს თავისი განცხადება პროკურატურიდან, რადგან შესანიშნავად იცის, რომ კრიმინალი და მფლანგველი არ ვარ და ოფიციალურად მომიხადოს ბოდიში“, – ნათქვამია ჩხეიძის განცხადებაში.

2022 წლის 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იმავე დღეს ჩხეიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბოლო პერიოდში სამინისტრო კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევა დაიწყო, ის კი მათთან არ თანამშრომლობდა.