დოკუმენტური კინოს ასოციაცია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სამი მინისერიალის წარმოებისთვის 3 მილიონი ლარის სუბსიდიის დამტკიცებას ეხმაურება.
როგორც ასოციაციაში ამბობენ, იმის გათვალისწინებით, რომ კინოწარმოების წლიური ბიუჯეტი სულ 6 მილიონი ლარია და საავტორო კინოს ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს სხვა ფინანსური რესურსი არ აქვს, ეს გადაწყვეტილება არის გაუმართლებელი და აცდენილი კინოცენტრის მისიას.
ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იკვეთება როგორც სამართლებრივი, ასევე ღირებულებითი პრობლემები.
„როდესაც ასეთი მასშტაბური სუბსიდიის გაცემასთან ერთად არ იზრდება კინოცენტრის წარმოებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი და მის ნახევრის შეადგენს, საფრთხის ქვეშ დგება დამოუკიდებელი კინოწარმოება – იზღუდება მისი ისედაც მწირი რესურსები. უცნობია, რა რესურსებით ჩაატარებს კინოცენტრი მომავალ კონკურსებს მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის, სადებიუტო ფილმებისთვის, დოკუმენტური ფილმებისთვის, ანიმაციური ფილმებისთვის…
კანონის თანახმად, კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი მიზანი მის განვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნაა. შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობა ევროკავშირის არაერთი დირექტივით თუ პოლიტიკის დოკუმენტითაც არის განმტკიცებული. კონკურის ზემოთ ხსენებულ პირობებში ჩატარება და ცვლილებების დაჩქარებული წესით ინიციირება არ ეხმიანება ამ მიზანს, არ ითვალისწინებს სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შეფასებებს. აღნიშნული შემთხვევა უგულებელყოფს კანონსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, “- ნათქვამია „DOCA · Documentary Association Georgia-ს“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კინოცენტრის მიერ 6 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კინოცენტრის მიერ გამოცხადებული მრავალსერიიანი (3-5 ეპიზოდი) ფილმის კონკურსი დასრულდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდება შემდეგი მინისერიალები:
- „ის ბიჭები” – პროდიუსერი: გელა ბაბლუანი – შპს ,,პროდაქშენი 13“, რეჟ./სცენ. გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი – 1 000 000 ლარი; მედიამხარდამჭერია „კავეა“ (იხ. თრეილერი)
- „სოხუმი“ – პროდიუსერი: გიორგი ბარაბაძე – შპს ,,შვიდკაცა +“, რეჟ./სცენ. გიორგი ბარაბაძე – 994 566 ლარი; მედიამხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი
- „საშობაო კაკლუჭები“ – პროდიუსერი: კონსტანტინე ესაძე – შპს ,,სტუდია +1“, სცენ. აკა მორჩილაძე, კონსტანტინე ჯანდიერი, რეჟ. ლევან თუთბერიძე – 987 832.8 ლარი. მედიამხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი.