კინოცენტრის საკონკურსო კომისიის ყოფილ წევრებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

პუბლიკა

კინოცენტრის ერთ-ერთი კონკურსის საექსპერტო კომისიის ყოფილ წევრებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. საექსპერტო კომისიის წევრები კინოცენტრის ახალი დირექტორის, კახა სიხარულიძის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც მათ შეუწყდათ უფლებამოსილება და საექსპერტო კომისიის წევრთა შემადგენლობა სრულად განახლდა. მათ ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დაიცავს.

საუბარია პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის კონკურსის საექსპორტო კომისიაზე. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა კინოცენტრის ყოფილი დირექტორის ბრძანების საფუძველზე, პროფესიული ნიშნით იყო შერჩეული და კომისიის წევრებს უნდა შეეფასებინათ კონკურსში განაცხადის სახით შესული 15 პროექტი.

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: იოსებ ბლიაძე – კინორეჟისორი; ია შუღლიაშვილი – მსახიობი; დათა ფირცხალავა – კინორეჟისორი; ნანა დოლიძე – კინომცოდნე; ნინი შველიძე – კინომცოდნე; ბესიკ სოლომანაშვილი – კინორეჟისორი, მწერალი.

2022 წლის 15 აპრილს საექსპერტო კომისიის წევრებმა მიიღეს შეტყობინება, რომ მათი დანიშვნის ბრძანებაში შევიდა ცვლილება და სრულად განახლდა კომისიის შემადგენლობა.

ISFED-ის ცნობით, 19 აპრილს ახალმა კომისიამ დაიწყო კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი ისე, რომ არც ძველი კომისიის შეცვლისა და არც ახალი კომისიის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული არ ყოფილა.

„საექსპერტო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტებს, უფრო მეტიც მსგავსი ფორმით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა პატივისა და ღირსების შემლახავია. საექსპერტო კომისიის წევრები აპირებენ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას და სასამართლოსთვის მიმართვას დარღვეული უფლებების აღსადგენად. მათ ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დაიცავს”, – ვკითხულობთ ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეცვლილი საკონკურსო კომისიის წევრები არიან: • გოგა ხაინდრავა – რეჟისორი, შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ მეწილე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში; • ბაჩო ოდიშარია – Post TV-ის წამყვანი; • რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი; • მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი • ირაკლი სამსონაძე – დრამატურგი და მწერალი; • გიორგი ცხვედიანი – რეჟისორი; • გიორგი მეგრელიშვილი – მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.