კინოცენტრის თანამშრომლების მიმართვა - „ცდილობენ, კინო მოექცეს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ"

პუბლიკა

კინოცენტრის თანამშრომლები ეხმაურებიან ორგანიზაციაში გამოცხადებულ რეორგანიზაციას და აცხადებენ, რომ აღნიშნული არის მცდელობა კულტურის სამინისტროს მხრიდან, მოაქციოს კინო პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ. 

„დღეს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკა ტარდება, რომლითაც სამინისტრო ცდილობს, დაიქვემდებაროს ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი გავლით თავად ერთპიროვნულად განსაზღვროს ინდუსტრიის მიზნები და პროცესები.

კვირას, 10 ივნისს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ გამოაცხადა სრულიად ბუნდოვანი რეორგანიზაცია, ყოველგვარი  საფუძლის გარეშე, მისი პირველი ნაბიჯი კი აღმოჩნდა დირექტორის მოადგილეების შტატის გაუქმება.

აღნიშნული რეორგანიზაცია აღიქმება პირდაპირ მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და კინოცენტრის ხელთ არსებული ბერკეტი მიმართოს სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისაკენ.

მოვითხოვთ გატარდეს შემდეგი ნაბიჯები, რათა თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი პროცესი, რომელიც  ზიანს აყენებს სფეროსა და სფეროს წარმომადგენლებს.

  • კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი.
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად. 
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან;მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება მას შემდეგ დაწერეს, რაც სოციალურ ქსელში კინოცენტრის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემაზე. ამ განცხადებაში გოეთეს ინსტიტუტი „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.

გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს განცხადება სამინისტროში იყო დაწერილი.