კინოცენტრის თანამშრომელმა ლევან აბდუშელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, კინო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ადამიანებს საჯაროდ მიმართა და მოუწოდა ღიად დააფიქსირონ პოზიცია კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
„თუ 12 ივლისამდე არ გაჩერდება რეორგანიზაციის პროცესი ჩვენ აღმოჩნდებით დიდი საფრთხის წინაშე. ლევან კოღუაშვილს მოვუწოდებ, რომ გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება. ის ვალდებულია გამოვიდეს და დადგეს ამ ადამიანების გვერდზე. მოვუწოდებ გელა ბაბლუანს. მათ უშუალოდ აქვთ შეხება მინისტრთან და არიან ადამიანები ვისაც უშუალოდ არასოდეს შეხვდება მინისტრი. მაგალითად მე, რეორგანიზაციის დროს ალბათ საერთოდ არ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მოვალეობის შემსრულებელს. გთხოვთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ჩაერთეთ და გააჩერეთ ეს პროცესი. დადექით ისტორიის სწორ მხარეს.“ – განაცხადა ლევან აბდუშელაშვილმა.
მისი თქმით, მან უკვე მიიღო ოფიციალური გაფრთხილება რეორგანიზაციის გამოცხადების თაობაზე და იცის, რომ 12 ივლისიდან მისი შტატი შეიძლება გაუქმდეს, ან საერთოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია გამჭვირვალედ და შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი კანდიდატურის წარდგენის უფლება. ახალი ხელმძღვანელის, კობა ხუბუნაის დანიშვნის შესახებ გავიგე კვირას, ის იქამდე ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა კინოცენტრში. დღეს ოფიციალურად მივიღე ფორმალური გაფრთხილება სადაც ეწერა, რომ ცხადდება რეორგანიზაცია და 12 ივლისიდან შეიძლება გაუქმდეს ჩემი შტატი, ან უბრალოდ გამათავისუფლონ სამსახურიდან.
ნანა ჯანელიძეს ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ პოზიციისთვის, მან ჩამოთვალა ის ღირსებები რაც 22 წლის განმავლობაში ჩამოიყალიბა ამ ორგანიზაციამ და მხარი დაუჭირა ცენტრში მომუშავე ადამიანებს.
მე მინდა მოუწოდა კინო სექტორში მყოფ ადამიანებს, ვინც უშუალოდ არიან შეხებაში ამ სისტემასთან, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. თუ 12 ივლისამდე არ გაჩერდება რეორგანიზაციის პროცესი ჩვენ აღმოჩნდებით დიდი საფრთხის წინაშე.“ – განაცხადა ლევან აბდუშელიშვილმა.
10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება მას შემდეგ დაწერეს, რაც სოციალურ ქსელში კინოცენტრის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემაზე. ამ განცხადებაში გოეთეს ინსტიტუტი „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.
გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს განცხადება სამინისტროში იყო დაწერილი.