ეროვნული კინოცენტრის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი ცენტრში მიმდინარე რეორგანიზაცისთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. პროცესში ჩართულია „გილდია” – დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში.
როგორც გილდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 09 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცვლილებები შევიდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულებაში. ცვლილებების თანახმად 2023 წლის 12 ივლისიდან დებულებიდან ამოღებული იქნება ის ნორმა, რომელიც დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობებს, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს ითვალისწინებს.
აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
„გილდიას შეფასებით, ორივე ბრძანება შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე იქნა გამოცემული, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია. გილდიას დახმარებით, სწორედ აღნიშნული საფუძვლით მიმართა ერთ-ერთმა დასაქმებულმა სასამართლოს და მოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა. ასევე მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ბრძანებების მოქმედების შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.