პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დააწინაურეს. ის ახლა ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. კინოცენტრის ინფორმაციით, ოდიშარიას წინამორბედი, სალომე დანელია, ორგანიზაციაში აღარ მუშაობს.
ივნისში კინოცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კუხალაშვილმა, მის მიერ ნანახ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრში ბაჩო ოდიშარია ოფისმენეჯერად დაინიშნა, რასაც ოდიშარიამ „პუბლიკასთან“ კომენტარში სიცრუე უწოდა. რამდენიმე დღეში მან „ფორმულას“ უთხრა, რომ გახდა ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი მოადგილე.
ბაჩო ოდიშარია პროპაგანდისტულ არხზე შალვა რამიშვილისა და გური სულთანიშვილის თანაწამყვანადაც რჩება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელია.
კინემატოგრაფისტები 5 თვეზე მეტია, აპროტესტებენ კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას. ისინი მოითხოვენ კინოცენტრის დამოუკიდებლობას. მიიჩნევენ, რომ ცენტრის დირექტორი არჩევითი უნდა გახდეს და მას ერთპიროვნულად არ უნდა ნიშნავდეს კულტურის მინისტრი. ამ დროისთვის კინოცენტრთან თანამშრომლობას 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. ხუბუნაია მოგვიანებით მინისტრის მოადგილედაც დაინიშნა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა. რამდენიმე დღეში კი რამდენიმე თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ გამოხატავდნენ კრიტიკულ მოსაზრებას, გაათავისუფლეს. მათი ნაწილი სამართლებრივ დავას აგრძელებს.