„კინოს სახლში“ ვიგოს ფილმის სანახავად მისულ მაყურებელს „მოთვინიერება“ უჩვენეს

პუბლიკა

4 მაისს კინემატოგრაფიული პლატფორმა cinexpress-ისა და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში „კინოს სახლში“ ჟან ვიგოს ფილმის – „ნული ყოფაქცევაში“ ჩვენება უნდა გამართული, თუმცა ლურჯ კინოდარბაზში cinexpress-ის წევრებმა მაყურებელს სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – „მოთვინიერება“ უჩვენეს.

„ჩვენი დღევანდელი ქმედება, რაც დღეს კინოს სახლში დაბლოკილი ფილმის ჩვენებას გულისხმობს, გარდა იმისა, რომ გამოხატვის ფორმითვე უპირისპირდება ცენზურას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, ერთგვარი გზავნილიცაა ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი სუბიექტებისადმი: როგორც არ უნდა სცადოთ და შეზღუდოთ გამოხატვის თუ ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება, ჩვენ მაინც ვიპოვით გამოსავალს იმის გამოსახატად და სათქმელად, რასაც ვფიქრობთ. კინო მაყურებელს!“, – ვკითხულობთ Cinexpress-ის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

„კინოს სახლში“ სალომე ჯაშის ფილმის ბოლო ჩვენება 28 აპრილს გაიმართა, მომდევნო დღეებში დაგეგმილი კინოჩვენებები კი კინოაკადემიის დირექტორმა, მინდია ესაძემ გააუქმა. მან მიზეზად ფილმის შინაარსი დაასახელა.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“– უთხრა ესაძემ „რადიო თავისუფლებას“.