კინოთეატრები, TKT და Biletebi.ge 1,6 მლნ ლარზე მეტით დააჯარიმეს - კონკურენციის სააგენტო

პუბლიკა

კონკურენციის საააგენტომ კინოთეატრები და ბილეთების გაყიდვის კომპანიები (TKT და Biletebi.ge) მილიონ-ნახევარ ლარზე მეტით დააჯარიმა. კინოთეატრები გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს – 3 კომპანიას, ჯამურად, 1,6 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრათ.

  • ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი
  • შპს „თინეთს“ (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544 328 ლარი
  • შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი

„მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სადისტრიბუციო კომპანიას“ და შპს „თინეთს“ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ თინეთის მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ ბილეთები“, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას თავის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.

მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა. შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითაც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო.

გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით 3 განსახილველად სავალდებულოდ რეკომენდაცია გაიცა“, – ნათქვამია განცხადებაში.