„ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, ზუსტად ის შავი საღებავი, რომელიც მან თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით ჩვენ ქვეყანას დაამჩნია”, – ამის შესახებ ცესკოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან” დავით კირთაძე „TV პირველთან” ამბობს.
მან დღეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შემაჯამებელ სხდომაზე სახეში შავი საღევაბი შეასხა.
„ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შანსი, რომ ჩაგვეტარებინა სამართლიანი, გამჭვირვალე და ევროპული არჩევნები, რითაც ევროპის დიდ ოჯახში შევიდოდით, თუმცა მან არჩია რუსეთი, მან შეასრულა „ქართული ოცნების დავალება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოპარული ხმები ნოტარიულად დაემოწმებინა. ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში”, – ამბობს კირთაძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ მის წინააღმდეგ დაიწყება „სადამსჯელო ღონისძიებები“, ამბობს, რომ – „არ ვიცი, ყველაფრისთვის მზად ვარ”.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა საღებავი იყო ის, რაც მან გამოიყენა, კირთაძე ამბობს, რომ:
„ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი… კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და ამ არჩევნებით დაამჩნია”, – ამბობს კირთაძე.
ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მისთვის საღებავის შესხმაზე ამბობს, რომ ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე მანამდეც გამოირჩეოდა „პროვოკაციებით” და სამუდამოდ „ჩამოიკიდა ეს სახელი”
„ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების, კიდევ ერთხელ, ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.