კირთაძე European Shooting Stars-ზე: თაკი მუმლაძისთვის დაშვებული იყო უპრეცედენტო გამონაკლისი

პუბლიკა

19 დეკემბერს მსახიობმა თაკი მუმლაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ „European Shooting Stars“-ის კონკურსში მისი კანდიდატურა, კინოცენტრმა, სავარაუდოდ, მისი აქტივიზმის გამო დაბლოკა.

მსახიობი „European Shooting Stars“-ზე ფილმ „ჩემს ოთახში“ შესრულებული როლისთვის უნდა წარედგინათ. ეს ის როლია, რომელმაც კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე „საუკეთესო მსახიობის ქალის“ პრემია მოუტანა.

მსახიობის თქმით, მისი კანდიდატურისთვის პროგრამის განმხორციელებელმა ევროპულმა ორგანიზაციამ უპრეცედენტო გამონაკლისიც კი დაუშვა.

რა მოხდა?

„European shooting stars” ყოველ წელს იმართება. მას ორგანიზაცია „ევროპული კინოს პრომოუშენი“ ახორციელებს. პროგრამა ახალგაზრდა მსახიობებს საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვალვაში ეხმარება. ამ პროგრამაში საქართველოდან უკვე მონაწილეობდნენ ირაკლი კვირიკაძე და ლევან გელბახიანი.

„ევროპული კინოს პრომოუშენი“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინო-ორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც.

Shooting stars-ის კონკურსის ნომინანტებს „ევროპული კინოს პრომოუშენის“ წევრი ქვეყნები შემოდგომაზე ასახლებენ ხოლმე. შემდეგ იკრიბება ჟიური, რომელიც არჩევს 10 საუკეთესოს. საუკეთესო ათეულის წარდგენა კი ყოველწლიურად ბერლინალეზე მიმდინარეობს.

კინოფესტივალის მსვლელობისას შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ეძლევათ, პირისპირ შეხვდნენ კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს.

„European shooting stars”-ის 2023 ის ნომინანტები, EFP-ის წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის შემოდგომის ბოლოს დაასახელა.

„2022 წელს, სანამ მე ვიყავი ევრიმაჟსა და EFP-ში საქართველოს წარმომადგენელი, უნდა დაგვესახლებინა shooting stars-ის კანდიდატი. კინოცენტრში უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლომჯარია იყო. მქონდა მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა და წარვადგინეთ თაკი მუმლაძე“, – ნინო კირთაძემ „პუბლიკასთან“ EFP-ში თაკი მუმლაძის წარდგენა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ნინო კირთაძე 2019 წლიდან 2023 წლის ივნისამდე ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“ საქართველოს წარმომადგენელი იყო. 2023 წლის ივლისში მან კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის შემდეგ თავისივე განცხადების საფუძველზე დატოვა საქართველოს წარმომადგენლის პოზიცია.

მისი თქმით, ნოემბრის ბოლოს shooting stars-ზე წარდგენილი კანდიდატების განხილვა მიმდინარეობდა, როცა ბრიუსელიდან მოვიდა ცნობა და საქართველო -ევროკავშირის მედიის პროფესიული რეგულირების წესებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, shooting stars-ის კონკურსს გამოეთიშა.

„ამას მოჰყვა ის, რომ შუა ჟიურიდან თაკი მუმლაძე ამოიღეს. მე ეს ძალიან განვიცადე, ადმინისტრაციული გაუგებრობის გამო, კონკურსიდან ადამიანის მოხსნა ძალიან მწარეა. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და საქართველოს ისევ მიეცა მონაწილეობის უფლება. მე EFP-ის დირექტორს ვესაუბრე და გადავწყვიტე, რომ მივმართავდი EFP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ავუხსნიდი, რომ თაკი მუმლაძის კანდიდატურა ადმინისტრაციული ამბების გამო დაიჩაგრა და ევროპული ორგანიზაციის მხრიდან საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. ეს ასეც მოხდა. მაისში მე მივმართე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ვითხოვე, დაეშვათ გამონაკლისი და 2024 წლისთვის, shooting stars-ის კონკურსზე კინოცენტრს ისევ თაკი მუმლაძის კანდიდატურის წარდგენის უფლება მისცემოდა.

მინდოდა, რომ EFP-ში შემავალი ქვეყნების ყველა წარმომადგენელს დაეჭირა ჩემთვის მხარი. ყველა თანახმა იყო და შეიქმნა წერილი, რომლის მიხედვითაც მე მომეცა უფლება შემდეგი, 2024 წლისთვის, კონკურსში ისევ თაკი მუმლაძე დამესახელებინა.

კი, მართალია, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა წინა წლის ფილმით კანდიდატის წარდგენა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ბარიერი თაკის ბრალი არ იყო და უსამართლობა იყო ასეთი ნიჭიერი ადამიანისთვის უარის თქმა ამ შესაძლებლობაზე, დამეთანხმნენ და დაუშვეს გამონაკლისი. EFP-მა საქართველოდან წარდგენილი ტალანტის მიმართ კეთილი ნება გამოხატა “, – ამბობს ნინო კირთაძე.

მისი თქმით, აღნიშნული წერილი მან გააცნო კინოცენტრს. მას იცნობდა ყველა. კინოცენტრს თაკის წარდგენის უფლება მოპოვებული ჰქონდა და ამას ადასტურებდნენ EFP-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც.

„როცა მე ეს მოვითხოვე, ეს არ ნიშნავდა, რომ ავტომატურად თაკის არჩევდა ჟიური, ეს იყო კონკურსში მონაწილეობის უფლება. ამაზე იყო თანხმობა, ეს წერილი მაშინვე გავუგზავნე კინოცენტრს, დეპარტამენტს. ყველას აქვს ეს წერილი“, – ამბობს ნინო კირთაძე.

კინოცენტრმა სხვა კანდიდატი წარადგინა

14 დეკემბერს გაირკვა, რომ კინოცენტრმა shooting stars 2024-ის კონკურსში სალომე დემურიას კანდიდატურა წარადგინა და ჟიურიმ ის 10 საუკეთესოს შორის დაასახელა. სალომე დემურიას კანდიდატურა რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი” შესრულებული როლისთვის შეირჩა.

 საგულისხმოა, რომ ამ ფილმის პრემიერა ჯერ არ შემდგარა და კონკურსის წესების მიხედვით, სალომე დემურიას კანდიდატურის წარდგენა კინოცენტრს შემდეგ წელსაც შეეძლო.

განმარტებისთვის „პუბლიკამ“ კინოცენტრთან დაკავშირება სცადა: დავურეკეთ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს; გავაგზავნეთ სმს გზავნილი; დავრეკეთ ცენტრის გვერდზე მითითებული ქალაქის ნომერზე და ასევე დავუკავშირდით კინოექსპორტის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს, თუმცა კითხვაზე – რატომ არ წარადგინა კინოცენტრმა თაკი მუმლაძე და როგორ განმარტავს ის თავის პოზიციას – პასუხი ვერ მივიღეთ. კითხვა მივწერეთ, გიგა აგლაძესაც. (კინოცენტრიდან ნინო კირთაძის წასვლის შემდეგ, „ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა).

თაკი მუმლაძე ბერლინალეზე კინოინსტიტუტის ხელშეწყობით წავა

თაკი მუმლაძე კინოცენტრის გადაწყვეტილებას კინოცენტრის გარეშემო განვითარებულ მოვლენებს და მის აქტივიზმს უკავშირებს.

„კინოცენტრის გარშემო ვითარდებოდა დაძაბული პროცესები, დაიწყო ბოიკოტი – დირექტორის დანიშვნის წესის, კინოცენტრში ხელისუფლების პროპაგანდისტი ფიგურების დანიშვნის, კინოს და, ზოგადად, ხელოვნების მიმართ ცენზურის სიგნალების გახშირების, თუ „აგენტების“ შესახებ მართალია ვერმიღებული, მაგრამ უაღრესად მავნებლური კანონის გამოძახილის გამო. ამ აქციებში და შეხვედრებში მეც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. ამდენად, მეც ვარ პროტესტის გამომხატველ კინემატოგრაფისტების ჯგუფში, რომლებსაც კულტურის მინისტრი „პუდელებად“ და „ტაკიმასხარებად“ მოიხსენიებს ხოლმე.“ – წერს მუმალაძე ფეისბუქის პოსტში.

„საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომლის წევრებიც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან, სოლიდარობას უცხადებს მსახიობსა და სცენარისტს – თაკი მუმლაძეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თაკი მუმლაძე „საქართველოს კინოინსტიტუტის“ ხელშეწყობით მაინც გაემგზავრება 2024 წლის ბერლინალეზე. თუმცა ეს დაკავშირებული არ არის Shooting Stars-ის პროგრამასთან.

„რამდენად მტკივნეული არ უნდა იყოს – სახელმწიფო მას ამ სრულიად შიშველი ხელებით მოპოვებულ შესაძლებლობას, წარდგეს საერთაშორისო პუბლიკის წინაშე, ართმევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი თავის აზრს გამოხატავს“,  აცხადებს „საქართველოს კინოინსტიტუტი“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, თაკი მუმლაძემ შეძლო გაერღვია ბარიერები და დაემტკიცებინა, რომ ახალგაზრდა მსახიობ ქალს აქვს ძალა, თავად შექმნას კინოსამყარო და იყოს ამ სამყაროს შეუცვლელი კინოსახე.

„თაკი მუმლაძემ შეძლო ის, რაც თითქმის შეუძლებელია, დაწერო ღრმა, პროფესიონალიზმით გაჯერებული კინოსცენარი, ითამაშო ამ სურათში მთავარი როლი და გაარღვიო საერთაშორისო სივრცე, დაწერო ისტორია ფილმით, რომელიც შენ და შენმა მეგობრებმა სახლში და თითქმის უბიუჯეტოდ გადაიღეთ. ფილმმა „ჩემი ოთახი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ძალისხმევითა და იდეალიზმით დაიბადოს დიდი და ამაღელვებელი კინოხელოვნების ნიმუში“,  აცხადებს აცხადებს ორგანიზაცია.