კიშინიოვში გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

პუბლიკა

კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი გუბერნატორი, ევგენია გუცული დააკავეს. ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის ცნობით, ის დაკავებულია საარჩევნო ფონდების თაღლითურად მართვის, უკანონო დაფინანსებებისა და ცრუ დეკლარაციების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ევგენია გუცული 25 მარტს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდა – მას ბრალს მომდევნო რამდენიმე საათში წარუდგენენ. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს.

ანტიკორუფციულის ცნობით, საქმე ეხება 2023 წლის არჩევნებში საარჩევნო ფონდების ფინანსური მართვის წესების დარღვევას, უკანონო დაფინანსებისა და საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების საკითხებს – გამოძიების თანახმად, ბრალდებული აყალბებდა დოკუმენტებს, სადაც შეჰყავდა ყალბი მონაცემები ფულადი შეწირულობების შესახებ.