ევროკომისიის პრესსპიკერი „ფორმულასთან“ კომენტარში აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა კითხვებს ბადებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისობასთან დაკავშირებით.
„საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა კითხვებს ბადებს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცისა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისობასთან დაკავშირებით.
ეს განსაკუთრებით ეხება ხარისხიან განათლებაზე წვდომის თანასწორობას და ასევე ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების პატივისცემას. ბოლონიის პროცესის ფარგლებში კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარება კურსდამთავრებულებს ევროპაში შემდგომი განათლების ან დასაქმების საშუალებას აძლევს.
ბოლონიის პროცესთან დაშორებით, საქართველო იზოლაციაში მოქცევის რისკს ქმნის როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. თავის მხრივ, ევროკომისია კვლავ ერთგული რჩება Erasmus პლუსის პროგრამის მიმართ, რომ შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებს, თანამშრომლებსა და უნივერსიტეტებს საქართველოდან ისწავლონ, ტრენინგი გაიარონ, ასწავლონ, იმუშაონ და ითანამშრომლონ საზღვრებს ფარგლებს გარეთ ევროპაში”, – აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი „ფორმულასთან“.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 12 თებერვალს ჩამოთვალა რომელი უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტებზე გამოაცხადებს მიღებას. დამტკიცდა სტუდენტების მიღების კვოტებიც.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების უმეტესობას პროგრამების შემცირება, ილიას უნივერსიტეტს კი მათი უმეტესობის დახურვა მოუწევს.
გივი მიქანაძემ განმარტებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, „არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“ განაწილდა.
როგორც მიქანაძე ამბობს, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა და სტუდენტთა დამატებით მიღება მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხდება. მიქანაძე ამბობს, რომ შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, „მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა“.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო- ტექნიკურ დისციპლინებზე.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მედიცინის სპეციალობებზე.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ- აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
- სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
- ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
- ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
„ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, – განაცხადა მიქანაძემ.