კითხვის ნიშნებს აჩენს ანტიკრიზისული პროგრამების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები – EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, ანტიკრიზისული პროგრამების მეორე ტალღის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები კითხვის ნიშნებს აჩენს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირველი ანტიკრიზისული პაკეტისგან განსხვავებით, როდესაც არაფორმალურად დასაქმებულს თავად შეეძლო საკუთარი მონაცემების სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე განთავსება, დღეისათვის, ერთჯერადი დახმარების მისაღებად სარეგისტრაციო ფორმის შევსების შესაძლებლობა ეძლევათ იმ პირებს, რომელთა ობიექტებზეც თვითდასაქმებული ფაქტობრივ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ასეთი კი შეიძლება იყოს ბაზრობისა თუ სხვა ობიექტის ადმინისტრაცია. მითითებული დოკუმენტაცია სახელმწიფოს მიმდინარე წლის 24 დეკემბრამდე უნდა წარედგინოს.

ორგანიზაციაში მიიჩვნევენ, რომ აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ართულებს თვითდასაქმებულთათვის დახმარების მიღების შესაძლებლობას. მაშინ როდესაც ობიექტების ადმინისტრაციას  აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, თვითდასაქმებულების ეს ნაწილი ობიექტის მფლობელების კეთილი ნების იმედად რჩებიან და ბუნდოვანია, რამდენად უზრუნველყოფს თითოეული ადმინისტრაცია შესაბამისი ინფორმაციის სახელმწიფოსათვის ზუსტად და განსაზღვრულ ვადაში მიწოდებას.

„ნიშანდობლივია, რომ შეზღუდვების პირველი ტალღის მსგავსად, ანტიკრიზისული დახმარების ადმინისტრირებისთვის სახელმწიფოს სოციალური ტრანსფერების საგანგებო პროგრამების შემუშავება დასჭირდა, სოციალური დაცვის არსებული ინსტუმენტები კი პროცესში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. სოციალური შემწეობის სისტემა გაფართოების საშუალებას იძლევა, თუმცა დაზარალებულთა სრულად მოცვა არ შეუძლია. სოციალური დაცვის სხვა ფუნდამენტური ინსტრუმენტები – მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა ან უმუშევრობის დაზღვევა – საქართველოში არ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისებისას სახელმწიფოს მასშტაბური სოციალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად საგანგებო პროგრამების შემუშავება უწევს“, – მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ და ანტიკრიზისული პროგრამების შემუშავებასა და ადმინისტრირებაში ჩართულმა უწყებებმა:

  • კრიტიკულად შეაფასონ ანტიკრიზისული პროგრამების მოსარგებლეთა წრე და პროგრამებიდან მათი გამოტოვების თანმდევი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ეფექტები და გადახედონ ანტიკრიზისული პროგრამების ამოცანებსა და სამიზნე ჯგუფებს;
  • წარმოადგინონ მობილიზებული საგარეო ვალის პირობები და მათი გასტუმრების გრძელვადიანი გეგმა;
  • წარმოადგინონ „ბიზნესის მხარდაჭერის“ პროგრამის სოციალური გავლენის პროგნოზი, რომელზე დაყრდნობითაც ანტიკრიზისული პროგრამა შემუშავდა.

სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.