კლანი არჩევნებამდე ცდილობს სტრატეგიული თანამდებობების დაკავებას | კოალიცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

პუბლიკა

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 260-მა მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ ღონისძიებაზე მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსაც უყარეს კენჭი. აღნიშნულ პოზიციაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილი 248 ხმით აირჩიეს.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა 2019 წლის დეკემბრიდან, 2020 წლის მარტში გახდა იუსტიციის საბჭოს წევრი.

მოსამართლეების რიგგარეშე, 28-ე კონფერენცია არასამთავრობო სექტორმა გააკრიტიკა. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აცხადებს, რომ კონფერენციის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩატარება და საბჭოს ორი ახალი წევრისა და მდივნის არჩევა, ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანი არჩევნებამდე ცდილობს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და გავლენიანი თანამდებობების დაკავებას, რათა მომდევნო 4 წლის ვადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანისადმი მისაღები და ლოიალური კანდიდატები გარანტირებულად იქნენ წარმოდგენილნი.

„კოალიცია შეახსენებს საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში მრავალი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, თუმცა სასამართლო სისტემა თვისებრივად ვერ შეიცვალა. აღნიშნულის მიზეზი ერთის მხრივ არის სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობა და მეორეს მხრივ – სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი – კლანი, რომელიც ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. კოალიცია მიიჩნევს რომ სასამართლოს რეალური რეფორმირება მხოლოდ სასამართლოს შიგნით არსებული არაფორმალური მართვის კულტურის შეცვლით, ინდივიდუალურ მოსამართლეთა რეალური გააქტიურებით და სათანადო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალისხმევით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროცესს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც.

„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იუსტიციის საბჭოს ორი წევრისა და მდივნის თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად გიორგი მიქაუტაძეს საბჭოს დატოვება მოუწია; საბჭოს მეორე მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 8 აპრილს გასდიოდა, თანამდებობა ნებაყოფლობით, ვადაზე ადრე დატოვა.

2021 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრს ეწურებათ უფლებამოსილების ვადა.