კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი - ეს არის NGO-ების კლანი - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აცხადებს, რომ გამორიცხულია, რომელიმე ქვეყნის სისტემაში არ არსებობდეს პრობლემა, მათ შორის, საქართველოზე ბევრად „განვითარებულ და მომზადებულ“ ქვეყნებშიც.

მისი თქმით, თუ სისტემაში არის პრობლემები, უნდა წარმოადგინონ არგუმენტები და პრობლემის გადაჭრის ხედვა.

„ამის შემდეგ მზად ვართ, ნებისმიერი ისეთი წინადადება გავითვალისწინოთ, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ჩვენ ვისმენთ ნული ფაქტით და მტკიცებულებით პიარულ კამპანიას სასამართლოსთან დაკავშირებით“, – ამბობს კობახიძე „იმედი LIVE-ის“ ეთერში.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელბიც სასამართლოს აკრიტიკებენ, საბჭოურ მეთოდებს იყენებენ:

„ეს ე.წ. ენჯეოები, რომლებიც გამოდიან სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ – ეს არის კლიშეების მოფიქრების, დაბრენდვის უხეში მექანიზმი, კლანი მოიფიქრეს. სინამდვილეში, ერთადერთი კლანი ვიცი ჩვენს ქვეყანაში გამოკვეთილი – ეს არის ენჯეოების კლანი. არის რამდენიმე ენჯეო, სადაც ვერავინ ვერ შეყოფს ცხვირს. თუ სადმე არის კლანი, ეს სექტორია. ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ამით ხდება სამოქალაქო სექტორის ფენომენის დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.