„მაისის სტუდენტური მოძრაობა” ეხმაურება თსუ-ის ახალი რექტორის არჩევის საკითხს. სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში სქრინებს ავრცელებს და აცხადებს, რომ თსუ-ის ერთ-ერთ პროფესორს ჯაბა სამუშიას მთელი დღის განმავლობაში მეგობრები, ახლობლები ულოცავენ რექტორის თანამდებობის დაკავებას. ჯაბა სამუშია ორი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან”.
თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან ორი დღის წინ გადადგა. სტუდენტური მოძრაობის თქმით, „უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ”. გთავაზობთ განცხადებას:
„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის დანიშვნის პროცესი არასამართლიან და უთანასწორო გარემოში წარიმართება.
ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი, რომელსაც არალეგიტიმური აკადემიური საბჭო მოჩვენებითი არჩევნების პროცესის შემდეგ დანიშნავს. ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნებიან კანდიდატები, მაგრამ ვხედავთ მილოცვებს კონკრეტული ადამიანის მისამართით და ამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომენტარსაც არ აკეთებს, ვინაიდან ვერავინ გაბედავს, შეეწინააღმდეგოს მათი პარტიული „ბოსების” სიტყვას.
დღეს სტუდენტები პირისპირ დგანან უსამართლო აკადემიური და პოლიტიკური სისტემის წინაშე და ერთადერთი გზა გვაქვს ამ რეალობის შესაცვლელად – ერთიანობა და წინააღმდეგობა უნივერსიტეტის ავტონომიის დასაცავად.
ყველა ხელისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ცდილობს, ჩვენი უნივერსიტეტის კონტროლს, ვინაიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური აზრის ჰეგემონიზაციას გულისხმობს, რომ სამეცნიერო კორპუსი და სტუდენტობა გაბატონებულ წესრიგს დამორჩილებული ჰყავს.
კულუარებიდან ინფორმაცია გავრცელდა, რამაც ჩვენი სიტყვები კიდევ ერთხელ დაადასტურა. გუშინდელ პოსტში აღვნიშნეთ, რომ რექტორის არჩევის პროცესი იქნება არალეგიტიმური და უკვე აკადემიურ საბჭოს უთხრეს ვინ უნდა აირჩიოს.
ჯაბა სამუშიას მთელი დღის განმავლობაში მეგობრები, ახლობლები ულოცავენ რექტორის თანამდებობის დაკავებას, რაც აღნიშნულ სურათებშიც კარგად ჩანს.
კანონიერად რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა, შესაბამისად, აკადემიური საბჭო ახალ რექტორს ვერ აირჩევდა. გარკვეულ ჯგუფებს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არ არიან დამოუკიდებელნი. უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ.
ჩვენ ვითხოვთ, დაიშალოს აკადემიური საბჭო, როგორც არალეგიტიმური და მართული ორგანო, ასევე შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და მეტად დემოკრატიული გახდეს იგი. რექტორი უნდა აირჩიოს პროფესორების სრულმა შემადგენლობამ, რაც გავრცელდება არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ მოიცავს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს და ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ავტონომია, არავის უნდა მივცეთ უფლება ასე უხეშად ჩაერიოს და დაიმორჩილოს უნივერსიტეტი. წინააღმდეგობა გარდაუვალია! აღარ არსებობს სტუდენტი, რომელსაც ეს პრობლემა არ ეხება, ამიტომაც ერთად უნივერსიტეტისთვის, ერთად თანასწორობისთვის, სამართლიანობისთვის უნდა ვიბრძოლოთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით სამუშია გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.