„კლანური მმართველობა“ და მოსამართლეების დანიშვნა - საია იუსტიციის საბჭოს მონიტორინგს აქვეყნებს

პუბლიკა

2021 წლის 21 ივნისს საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N9 (2020 წლის) ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე:

სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა. ამას, გარკვეულწილად, ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი რეგულაციაც, რომლის მეშვეობითაც მის შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან. პარლამენტში არამოსამართლე წევრთა არჩევის წესი ასევე ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი, კლანისა და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პირების არჩევას.

მოსამართლეთა დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციაში – „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილებისმისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა, საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსები მუდმივად კრიტიკას იმსახურებს.

სასამართლოს თავმჯდომარეები – კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არსებითად უმცირებს.

დისციპლინური სამართალწარმოების ვადები კვლავ ჭიანურდება, საბჭოს 2020 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს, როცა დისციპლინური სამართალწარმოების მაქსიმალური ვადა 5 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რეკომენდაციის სახით, საია მიიჩნევს, რომ საჭიროა:

შესაბამისმა ინსტიტუტებმა ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის გზით უნდა უზრუნველყონ:

  • საბჭოს წევრთა არჩევის არსებული მაჟორიტარული სისტემის ჩანაცვლება. საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისას გენდერული, რეგიონული და ინსტანციური კვოტების (ეს უკანასკნელი კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს) დაწესება;
  • საბჭოში თავმჯდომარეების კვოტის გაუქმება. წევრმა, რომელიც, იმავდროულად, მოსამართლის გარდა, სხვა თანამდებობას იკავებს, არჩევისთანავე უნდა დატოვოს იგი.
  • საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნა ორმხრივი (ხელისუფლების და ოპოზიციის) მხარდაჭერით. გენდერული კვოტების დაწესება;
  • პარლამენტში არამოსამართლე წევრების არჩევის წესის გამჭვირვალობა;
  • პირველ და მეორე ინსტანციებში კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის გასაუბრებიდან კენჭისყრის ეტაპზე გადასვლაზე უარის გასაჩივრების შესაძლებლობა;
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის პროცედურის გადახედვა (საბჭოს სხდომაზე უნდა გავიდეს დასაბუთებული გა- დაწყვეტილების პროექტი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუ წინადადება ვერ მოაგროვებს 6 ხმას, მოსამართლე გასაუბრებაზე უნდა დაიშვას);
  • მოსამართლეობის კანდიდატებთან (პირველ და მეორე ინსტანციებში) გასა- უბრების ჩატარება ღია სხდომაზე;
  • პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით;
  • ისეთი პროცედურის/კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანისას ნათლად წარმოაჩენს კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლიანობას;
  • უზენაეს სასამართლოში უნდა ნომინირდეს ის კანდიდატი, რომელიც ცალ-ცალ- კე მოიპოვებს საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ს;
  • სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შიდაორგანიზაციული თავისუფლების მიზნით, მისთვის თავისი წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის უფლების მინიჭება;
  • თავმჯდომარეების არჩევითობა (პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში);
  • კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეების (მათი მოვალეობის შემსრულებლების), თავმჯდომარის მოადგილის ადმინისტრაციული პოზიციების გაუქმება;
  • უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურის სრულყოფა. საჭირო ხმების ოდენობა პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ არ უნდა შემცირდეს და, თუ 2/3 ვერ გროვდება, საბჭომ ხელახლა უნდა დაიწყოს პროცედურები;
  •  ინსპექტორის დანიშვნისთვის საჭირო ხმების ოდენობად 2/3-ის განსაზღვრა;
  • დისციპლინური დევნის დაწყებაზე უარის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთება;
  • დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება.

    საბჭომ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების იმპლემენტაციის სრულყოფისთვის უნდა უზრუნველყოს:

  • პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნის დასაბუთებაში კონკრეტული გარემოებების იმგვარად მითითება, რომ დაინტერესებულმა პირმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსამართლის კეთილსინდისიერების თაობაზე;
  • მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანისა და დაწინაურების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა;
  • თავმჯდომარეების დანიშვნისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურისა და წესის დადგენა;
  • საქმის კოლეგიურად განხილვისას სამივე მოსამართლის შერჩევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების წესის შესაბამისად, ხოლო ვიწრო სპეციალიზაციაში წილისყრით განაწილება;
  • ინსპექტორის შერჩევის საკონკურსო წესის სრულყოფა: შერჩევის კრიტერიუმების, გასაუბრების ჩატარების, კანდიდატის შეფასებისა და დასაბუთების წესების განსაზღვრა;
  • დისციპლინური საჩივრების განხილვა კანონით დადგენილ ვადებში;
  • ინსპექტორის, მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება;
  • სხდომების შესახებ ინფორმაციისა და დღის წესრიგის წინასწარ, კანონით დადგენილ ვადაში გამოქვეყნება;
  • საბჭოს წევრებისთვის საბჭოში შესული ნებისმიერი დოკუმენტის ასლის გადაცემის, მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირების პროცედურის, სხდომის დღის წესრიგის შედგენის, იქიდან საკითხის ამოღებისა და დამატების, სხდომაზე მესამე პირების მოწვევისა და დამსწრეთა მიერ აზრის გამოთქმის წესების შემუშავება;
  •  საბჭოს სხდომების ონლაინ რეჟიმში გადაცემა;
  •  საბჭოს სხდომების დახურვის წესის შემუშავება.
  • სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს მსმენელთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესი.