კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა 14:00 საათის შემდეგ შეწყდა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფონზე კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა 14:00 საათის შემდეგ მეორე ცვლის მოსწავლეებისთვის შეწყდა.

როგორც სკოლის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ „პუბლიკას“ განუმარტა, გადაწყვეტილება გამზირზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვიდან გამომდინარე მიიღო. ის ამბობს, რომ მეორე ცვლაში დაბალკლასელები, I-IV კლასელები სწავლობენ, რომელთა გარკვეული ნაწილი მშობლებს მიჰყავს სკოლაში, ნაწილი კი ტრანსპორტით თავად მიდის. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მეორე ცვლა საღამოს 6 საათამდე გრძელდება, ამიტომ მოსწავლეებისთვის გამზირზე ტრანსპორტის შეფერხებული მოძრაობა ხელშემშლელი რომ არ გამხდარიყო გადაადგილებისთვის, სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ის განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება.

დღეს შსს სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე მოწყობილი  ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა. პარლამენტის ოთხივე შსასვლელი საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან პიკეტირებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.