„თუ ავიღებთ კლინიკების საშუალო სიკვდილობას, ანუ ჰოსპიტალში მოხვედრილი ავადმყოფების საშუალო სიკვდილობას, ჩვენ გვქონდა 7%, ეს ნიშნავს, რომ ვინც ჰოსპიტალში ხვდებოდა, მათგან გარდაიცვლებოდა 7%. ახლა ეს დავიყვანეთ 5%-ზე, სწორედ ამ ახალი მედიკამენტების და მათ შორის „რემდესივირის“ სწორი გამოყენებით. მაშინ, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების წამყვან კლინიკებში ეს პროცენტი ბევრგან არის 10-11%“,- ამის შესახებ ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემის „დღის თემაში“ განაცხადა.
ცერცვაძე ამბობს, რომ 100 კლინიკაში ჩატარდა „სერიოზული ტრენინგები“, თუ როგორ უნდა იქნას ინტერპრეტირებული და გამოყენებული პროტოკოლი პაციენტების ინდივიდუალური მკურნალობისას.
„ვერ გეტყვით, რომ ეს საქართველოში იდეალურად სრულდება, იდეალურად არსად არ სრულდება, მაგრამ ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯებია აქეთკენ გადადგმული“, – აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, საქართველო ევროპის ქვეყნების პირველ ექვსეულშია და მსოფლიოში პირველ შვიდეულშია კორონავირუსის გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობით. ცერცვაძე ამბობს, რომ შესაბამისად, ახალ შემთხვევებთან ერთად ბევრია 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილის შემთხვევაც.
„მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ კლინიკური მართვის მთავარ და ერთადერთ კრიტერიუმს, ეს არის ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი, საქართველოში ის 1.04%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალება არის 1.04%. ეს არის ევროპაში 24-ე მაჩვენებელი, ხოლო მსოფლიოში 122-ე მაჩვენებელი, ანუ ჩვენ გვაქვს (კლინიკური მოვლის ხარისხით განპირობებულ ფაქტორს თუ ავიღებთ) მსოფლიოს 122 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობა“, – ამბობს ცერცვაძე.
ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს ვაქცინაციისაკენ, ატარონ პირბადე და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ჯანმრთელობა სანდო ხელშია.
„სრული პასუხისმგებლობით ვარწმუნებ ჩემს მოსახლობას, რომ მათი ჯანმრთელობა არის ძალიან სანდო ხელში და თუ ისინი მიმართავენ კლინიკას დროულად, მათ დაზღვეული იქნებიან დამძიმებისგან და ლეტალური შემთხვევისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ.