ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 6 წლის ბავშვი კლინიკაში პარასკევს შეიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე იყო. მაია ჩხაიძის თქმით, პაციენტი შეყვანისთანავე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, მაგრამ 6 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა.
„ეს პაციენტი ჩვენთან შემოვიდა პარასკევს. შემოსვლისას მისი მდგომარეობა უკვე უკიდურესად მძიმე იყო. მას ბინის პირობებში განუვითარდა გულყრა, რომლის კუპირებაც ვერ მოხდა და ჩვენთან შემოსვლისთანავე დაინტუბირდა ეს პაციენტი, ესაჭიროებოდა მართვითი სუნთქვა.
ბავშვს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომელთა ფონზე კოვიდინფექცია ძალიან მძიმედ წარიმართა. ეს იყო ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ეპილეფსიური სინდრომი. კოვიდინფექციის ფონზე წავიდა პოლიორგანული უკმარისობა, განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ამ დროისთვის მათთან რეანიმაციის განყოფილებაში 24 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„2 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ერთი 29 დღის ჩვილია, რომელსაც აქვს თანდაყოლილი სეფსისი, დაუნის სინდრომი, გულის მანკი და რესპირატორული სინდრომი. ყოველივე ამის გამო იმყოფება მართვით სუნთქვაზე უკვე ერთი კვირაა.
კიდევ ერთი მართვით სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი გადმოყვანილი იქნა ბათუმიდან. იმყოფება მართვითი სუნთქვის მაღალ სიხშირეზე, მას აქვს ახალშობილთა სეფსისი, თანდაყოლილი რესპირატორული დისტრესი და ფილტვის ქსოვილის დაზიანება კოვიდით განპირობებული. ასე რომ, ეს ბავშვიც მძიმეა“, – თქვა მაია ჩხაიძემ „TV პირველის“ ეთერში.