„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ რუსული კანონის გაწვევას მოითხოვს

პუბლიკა

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით რუსული კანონის მიღებაზე და აღნიშნავს, რომ ეს კანონი უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათთვის მომსახურების მიწოდებაზე უარყოფითად აისახება.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რაც ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, ის ცალსახად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. მოვითხოვთ

საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ ნებისმიერი კანონპროექტის ინიცირებისას, კანონპროექტის ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასებას, ასეთი შეფასება მოცემული კანონპროექტის შემთხვევაში არ განხორციელებულა და კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა („კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე“), არის  ფორმალური.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული კანონი უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათთვის მომსახურებების მიწოდებაზე, შემდეგი გარემოებების გამო:

  • ბავშვზე ზრუნვის სფეროს (მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა, სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიების ბავშვთა და მათი ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, შშმ ბავშვების) მომსახურებების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელოვან წყაროს (როგორც ფინანსურს, ასევე ექსპერტულს) წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობები და  „უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მათი მხრიდან შემცირდება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მომსახურების მიმწოდებელი არსამათავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რაც გამოიწვევს ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილის საქმიანობის შეფერხებას, შემცირებას  და, რიგ შემთხვევაში კი, ლიკვიდაციას.

  • კანონი გამოიწვევს ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და დისკრედიტაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი ორგანიზაციის” სტატუსის მინიჭების გამო.

  • კანონი ქმნის მომსახურებებში ჩართული ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გასაჯაროების აშკარა საფრთხეს.

  • ბოლო ათწლეულების განმავლობაში მზრუნველობამოკლებული, შშმ და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურება შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო  ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგად. ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, რიგ შემთხვევებში კი მათი გაუქმების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორების ბავშვებისათვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოებისთვის საჭირო მომსახურების და პროგრამების განვითარებას და სრულფასოვნად მიწოდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოითხოვს მმართველი ძალის მიერ რუსული კანონის დაუყოვნებლის გაწვევას და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპის დაცვით, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ერთობლივ მუშაობას.

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აერთიანებს საქართველოში ბავშვების და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე 50 ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას.