„კოალიცია ცვლილებისთვის“ წვერებმა პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. პოლიტიკოსებმა განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნაზე, შალვა პაპუაშვილის სახელზე ინდივიდუალურად დაწერეს. 25 ნოემბერს „ოცნების“ XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო, მათ შორის „კოალიცია ცვლილებიდან“ 19 დეპუტატის.
სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ თქვა, რომ არ აპირებენ არანაირ ფორმალურ სამართლებრივ კავშირსაც კი „ამ თვითმარქვია პარლამენტთან“. მან არ გამორიცხა, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ დაწერენ განცხადებას.
„ის რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ არ ნიშნავს რომ ხალხის წარმომადგენლობაზე, ამომრჩევლების წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარს, არა, პირიქით, ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე. ქართული ოცნების ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს“, – თქვა ნიკა მელიამ.
26 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.