კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შს სამინისტროსგან „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე რეაგირებას მოითხოვს

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს სთხოვს.

„გუშინ, 2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან – უარი თქვას პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

გუშინ პანიკის რადიომ გამოაქვეყნა მასალა, სადაც ვკითხულობდით, რომ სოფელ დუისში მცხოვრები, თამაზ მარგოშვილი, 29 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში გამართულ აქციაზე საჯაროდ დაემუქრა სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მის დამფუძნებელ, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომლისგანაც მოითხოვს, უარი თქვას პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე.
პანკისის რადიოს ცნობით, აქცია „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს“ ხელმძღვანელის, ლია მარგოშვილის მიერ იყო ორგანიზებული და მასში 150-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა. ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე.