კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიას მიმართავენ

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისია „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი  საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში.  ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას.

გთავაზობთ კოალიციის განცხადებას.

“2012 წელს კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებდით მარეგულირებელი კომისიის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ ვერსიას, თუმცა ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია კიდევ უფრო აუარესებს სტანდარტს შემდეგი გარემოებების გამო:

  1. ტერმინთა განმარტების ცვლილების ხარვეზი – განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ  მედია ამ დადგენილების მიიზნებისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში განმარტება ამოღებულია. არ არის დათქმა, თუ რომელ მედია სუბიექტებს მოიაზრებს კანონი მონიტორინგის ვალდებულებებში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მედიის ძირითადი/ფართო განმარტება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონითაა ფორმულირებული, რომლის თანახმადაც, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი.  შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი გავრცელდეს ყველა ტიპის მედიაზე, დაუშვებელია ონლაინ მედია მიექცეს კონტროლის ქვეშ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გშუქებისას. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კომისიამ დროულად უნდა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და დაავიწროვოს სუბიექტთა წრე.
  2. დადგენილებაში ოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებს კომისიის დისკრეციას – ზოგადი გახდა დადგენილების მუხლი 4 – საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლის შინაარსშიც არ დგინდება თუ რა პასუხისმგებლობები აკისრია მედიას, რაც მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ფართო დისკრეციით განსაზღვროს მოთხოვნა და დაადგინოს დარღვევა;
  3. დადგენილებიდან ამოღებულია დაკონკრეტება სავალდებულო პროცედურების შესახებ – დადგენილების განახლებული ტექსტის მიხედვით,  საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსება უნდა მოხდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული ჩანაწერით უნდა ჩანაცვლდეს რედაქცია, რომელიც შედარებით კონკრეტულად მიანიშნებდა მედიის პასუხისმგებლობებზე.  აღნიშნული ცვლილებით მედიისათვის  საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობები ნათელი და განჭვრეტადი აღარ იქნება.
  4. დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით – დადგენილებიე მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად „ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება“ აღნიშნული ჩანაწერით დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს  პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კოდექსი კონკრეტულად არ  მიუთითებს საწყის ვადაზე, დადგენილება მკაცრად ადგენს, თუ როდიდან შეიძლება რეკლამის განთავსება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას გადახედოს პროექტს და  შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის  მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოს რეალიზებისათვის.“ – ნათქვამია განცხადებაში.