კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „TV25-თან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობას მიმართავს

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ „TV 25 -ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას მაუწყებლის მიმართ არათანასწორი მოპყრობის შესახებ ეხმაურება.

2020 წლის 18 მაისს ჟურნალისტმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ აჭარის მთავრობა მათთან ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. „რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს. ერთ თვეზე მეტია პრესცენტრებიდან არ გვქონდა პასუხი: რის გამო ამბობდნენ უარს გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აჭარის ტელევიზია წაიღეს და ხედავთ, რაც ხდება ეთერში, ამ საკითხს შეფასების გარეშე დავტოვებ. „TV 25-ს“ კი „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, წლების წინ დამკვიდრებული მეთოდებით ებრძვის“, – წერს სულხან მესხიძე.  

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავიანთ პასუხისმგებლობასთან ერთად აღიარონ და კრიტიკულად გაიაზრონ მედიაგარემოსათვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ის უარყოფითი შედეგი, რაც შესაძლოა ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების ან ქცევების გავრცელებას მოჰყვება.  

პანდემიის ფონზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთადერთი წყარო ხშირად პოლიტიკოსები იყვნენ/არიან. ამიტომ ვფიქრობთ,  მოცემული შემთხვევები „TV 25-ს“ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

  • მივმართავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და მისცეს შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. 
  • ჩვენ ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველსაც, შეისწავლოს აღნიშნული საქმე. რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო პერიოდის მოახლოებამდე შევამციროთ დისკრიმინაციის წახალისების ნიშნები, ხოლო პოლიტიკოსებმა მკაფიოდ გაიაზრონ თავიანთი თანაბარი მოპყრობის ვალდებულება მედიის მიმართ”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.