კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, კლანური მმართველობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭიროს

პუბლიკა

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა კვლავ ვერ ხერხდება და ისევ არსებობს სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ზეგავლენა, კორუფცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო კვლავ ვერ ასრულებს სხვა სახელისუფლებო შტოების კონტროლის ფუნქციას, ხოლო მართლმსაჯულება დაშორებულია ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და სამართლიანობას.

კოალიცია წერს, რომ სასამართლოში არსებული კრიზისისა და ამ სისტემის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხის მიზეზი კლანური მმართველობაა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოში ძალაუფლება შეინარჩუნა მოსამართლეთა იგივე ჯგუფმა (კლანმა), რომელიც სისტემას ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკონტროლებდა. ეს ჯგუფი გარიგებაში შევიდა ახალ ხელისუფლებასთან და გააგრძელა სასამართლო სისტემის გადაწყობა მისადმი ერთგულების ნიშნით. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო სისტემაში გაჩენილი განსხვავებული აზრი ნელ-ნელა შემცირდა და ბოლოს გაქრა. სისტემა მიუწვდომელი გახდა ასეთი ადამიანებისთვის, მოსამართლეთა თვითმმართველობა იქცა არა სასამართლოს გაჯანსაღების, არამედ კლანური მმართველობის გაძლიერების მექანიზმად”, – წერია განცხადებაში.

კოალიცია წერს, რომ 2018 წლის ბოლოს პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანმა სიამ და 2019 წლის მეორე ნახევარში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამოააშკარავა.

„დღესდღეობით კლანური მმართველობის გავლენა უკვე გაცდა საერთო სასამართლოების ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ისარგებლა საზოგადოებრივი ყურადღების ნაკლებობით და გაუმჭვირვალე პროცედურებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად ორი ახალი კანდიდატი – ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი შეარჩია, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება კრიტიკას ვერ უძლებს. მათი დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაშიც კლანის მიმართ ერთგულებაა.

ამის გათვალისწინებით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია პრობლემის აღიარებისა და მისთვის სახელის დარქმევის გარეშე. აქედან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭიროს ინიცირებულ დადგენილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარების თაობაზე და საზოგადოებასთან ერთად გადადგას ნაბიჯები კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისკენ”, -აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.