კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს TI-ის წინააღმდეგ სააპელაციოს გადაწყვეტილების გამო

პუბლიკა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც  სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი ცნობით, კვლევაში, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების შეფასებას ეხებოდა, სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული შეფასება: „[…] ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ ცილისმწამებლურად მიიჩნია

„სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც კანონის მოთხოვნებს ასევე, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას. უკვე არსებული, მკაფიო და თანმიმდევრული პრაქტიკით  დადგენილი  სტანდარტიდან დაუსაბუთებლად გადახვევა და მისი მკვეთრად გაუარესება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის მკვეთრად გაუარესების გარდა, უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, დამატებითი მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლო გაიაზრებს საკუთარ როლს და მნიშვნელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის პროცესში, არ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის პოზიციას და გააუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.


სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ცილისმწამებლურად მათი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად აღიარებულია ანგარიშიდან ნაწილი, რომელშიც კორუფციული რისკის შემცველ საქმედ არის მიჩნეული დავით ძოწენიძის და შპს „აკას“ პარტნიორებს შორის არსებული დავა, კერძოდ შემდეგი ფრაზები:

1. ,,ორგანიზაციამ შეისწავალა დავით ძოწენიძესა და შპს ,,აკა’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა და მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე’’ და 2. ,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის და სასამართლოს მათზე შეფასება გაკეთებული არ აქვს’’;