ისრაელის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადეს, რომ პარლამენტს დაითხოვენ.
მათი თქმით, ქნესეთის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვიტეს.
მას შემდეგ, რაც კოალიციაში უთანხმოება გაჩნდა, ბენეტის მთავრობა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, რომ ხელისუფლებას დაკარგავდა და ქნესეთში უმრავლესობას ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. ამიტომ, როგორც ისრაელის მედია წერს, მათ ოპოზიციას დაასწრეს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტეს.
არჩევნების დანიშვნის ინიციატივით ბენეტი საკანონმდებლო ორგანოს მომავალ კვირაში მიმართავს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ისრაელში ბოლო 3,5 წლის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იქნება. ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს დამარცხება ბოლოს ფართო ოპოზიციურმა კოალიციამ მოახერხა. ახლა კი ყოფილი პრემიერის პარტიას ძალაუფლების მოპოვების ახალი შანსი გაუჩნდა.