კობა ჩაგუნავამ მათე დევიძის და, ელენე დევიძე „გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მათე დევიძის და, ელენე დევიძე „გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის“ 5000 ლარით დააჯარიმა.

ელენე დევიძეს შსს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა 2024 წლის 22 დეკემბერს და 2025 წლის 24 იანვარს.

კობა ჩაგუნავამ 22 დეკემბრის აქციის საქმეზე გაფრთხილება მისცა, საქმე ეხება 24 იანვრის საპროტესტო აქციას.

გზის უკანონოდ გადაკეტვის ადმინისტრაციული მუხლით მასობრივად აჯარიმებენ საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

ელენე დევიძემ სასამართლო პროცესზე თქვა:

„2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა. 1989 წლის 9 აპრილსაც არა უცხოურმა ძალებმა, როგორც ამას ჩვენი თვითმარქვია და არალეგიტიმური ხელისუფლება ბოდავს, არამედ რუსეთმა მოაწყო სასაკლაო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე. და თქვენ იმიტომ მიწერთ ჯარიმას, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების აბსურდებს ვაპროტესტებ? იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ჩემი 21 წლის ძმა უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში და სისულელეებს და აბსურდებს ედავებიან? იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ სინდისის პატიმრების თავისუფლებას მოვითხოვ? თან მაშინ, როცა ამის კანონიერი უფლება მაქვს.

გარდა ამისა, დაუშვებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სანქცირებული მოსამართლე მასამართლებს.

ასევე, ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს არიან არალეგიტიმური შსს-ის წარმომადგენლები. უსამართლო სასამართლოს უნდა ეშინოდეს ხალხის ძალის“.

კობა ჩაგუნავამ, რომელიც ესტონეთის მიერ არის სანქცირებული, ელენეს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და მიუთითა, რომ მხოლოდ „ფაქტზე უნდა ისაუბროს“.

„ელენე, ფაქტთან დაკავშირებით. კარგი, თუ გააგრძელებთ, ე.ი თქვენ არ გსურთ სიტყვის გამოყენება, რომელიც ფაქტს ეხება. არანაირ ფაქტს არ ეხება ის საკითხი, რომელზეც საუბრობთ, თუნდაც სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობა. მე, როგორც მოსამართლე, ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი. რომელი ქვეყნის პოლიტიკური პირი რა გადაწყვეტილებას იღებს და რა გადაწყვეტილებები მიიღო, ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს“, – თქვა კობა ჩაგუნავამ. 

მან 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ისაკო დევიძეს, რომელიც19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ასევე, 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას, რომელიც 4 დეკემბერს პარტიის ოფისის ჩხრეკისას დააკავეს.

ჩაგუნავას ესტონეთმა სანქციები 5 სხვა მოსამართლესთან ერთად 2024 წლის 16 დეკემბერს დაუწესა, ვინაიდან ისინი „ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ და მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ“.