„კობა გაბუნია გაოგნებულია“ - ადვოკატი ქარსელაძის დაკავებულ მოადგილეზე

პუბლიკა

ადვოკატის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დაკავებით „გაოგნებულია“.

გოჩა კვირიკაშვილის განცხადებით, გაბუნიას სახლიდან ფული არ ამოუღიათ – ამოიღეს მხოლოდ ტელეფონები. ის ქუთაისში დააკავეს.

„საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, რომ გადმომცემენ გავეცნობი, მრავალტომიანია… პოზიციას მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ბრალს წაუყენებენ, მეუბნებიან, რომ დღეს იქნება.

თვითონ კობა გაბუნია რას ამბობს და გაოგნებულია. როგორც მეუბნება, რასაც მედავებიან, ეს ყველაფერი ჩემს ფუნქციებში არ შედიოდაო.

ხომ არ შეიძლება, ადამიანი პასუხისგებაში მარტო ვიღაცის გათქმის საფუძველზე მისცე, თუ სხვა მტკიცებულებები არ გაქვს. [ვინ მისცა ჩვენება] არ ვიცი… სახლიდან ფული არ ამოუღიათ, მხოლოდ ტელეფონები. საქმის მასალებით კონკრეტულად რას ედავებიან, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. კობა გაბუნია ჯერ არც გამოუკითხავთ, არ დაუსვიათ შეკითხვები. ის ქუთაისში დააკავეს“, – თქვა გაბუნიას ადვოკატმა, გოჩა კვირიკაშვილმა „ტვ პირველთან“ პირველთან სატელეფონო საუბარში.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.

უწყების ცნობთ, „კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან – სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე“.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.