კობახიძე „Азимут-ს“ ჟესტს უწონებს, კრიტიკის ავტორებს კი „სპეკულანტებს“ უწოდებს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღეს ჟურნალისტებმა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ შესახებ დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის, იმის შესახებაც, რომ კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მითითებული. რამდენიმე საათის წინ კი კომპანიამ ქვეყნების გრაფიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაშალა.

„თავისთავად ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან – ეს ერთი. სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხიდან, არიან ნამდვილი სპეკულანტები. ანუ ცდილობენ სპეკულირებას იქაც კი, სადაც სპეკულირების არავითარი საბაბიც კი არ არსებობს“, – აცხადებს კობახიძე.

ოცნების თავმჯდომარე მხოლოდ „რადიკალურ ოპოზიციას“ მიაწერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების კრიტიკას და კვლავ იხსენებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. მისივე თქმით, „ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, რომ ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან სპეკულიანტები და სახელმწიფოს მტრები“.


რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.

საიტზე booking.azimuth.aero მომხმარებელს შეეძლო ქვეყნის გრაფაში აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი მიეთითებინა – გუშინ, 15 მაისს, ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები კომპანიის საიტზე აღარ იძებნებოდა. 

ცნობისთვის, 15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა.


რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines 2022 წლის 19 ოქტომბრიდან უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაშია. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.

უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერის მქონე პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული:

„კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

თბილისში ფრენების ნებართვის გაცემას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. პუტინის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს საქართველოს მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, განიხილოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი.