პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში.
„რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება; ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები”. – თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
კობახიძემ თქვა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.
მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.
ამერიკული სანქციების მიზეზი რუსული კანონია. აშშ-მ არაერთხელ განაცხადა რომ „ღრმად შეშფოთებულია საქართველოში „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით და რომ ეს მოქმედებები აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას”.