საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 50000-ლარიანი პრემია გადაეცემა ოლიმპიური ნაკრების ყველა იმ წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია.
კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათ „თავისი წვლილი შეიტანეს საერთო წარმატებაში”.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს.
პრემიერ-მინისტრისვე განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები – ღირსების ორდენს მიიღებენ.
მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პარიზში ჩატარდა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 28 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქვეყანამ ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.