ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით მიღებული აკრძალვა გაუქმდა – სანაცვლოდ, კობახიძის თქმით, მსგავსი ავტომობილების განბაჟების ტარიფი გაიზრდება და კონკრეტული თანხით, ერთ კუბზე 4.5 ლარით განისაზღვრება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტირება შევიტანოთ.
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული – 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით.
ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რაშიც კორექტირებები შევიტანეთ, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – თქვა კობახიძემ.
ამ დროისთვის 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბზე 80 თეთრიდან 2.4 ლარამდე მერყეობს.
მაგალითად, განბაჟების კალკულატორის მიხედვით, თუ გსურთ 2017-წლიანი 2.0 ძრავიანი ავტომობილის (ჰიბრიდი) ჩამოყვანა, აქამდე აქციზის სახით 1800 ლარს გადაიხდიდით, ცვლილების შემდეგ კი გადაიხდით 9000 ლარს.
ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან აიკრძალებოდა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი – რეგულაცია შეეხებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირადი გამოყენებისთვის ავტომობილის (გარდა ელექტროავტომობილისა) შემოყვანასა და რეგისტრაციას გეგმავდნენ.
„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ შეზღუდვა არ გავრცელდებოდა რეექსპორტზე, ასევე, რეგულაცია არ შეეხებოდა იმ პირებს, რომლებიც უკვე ფლობენ უფრო ძველ ან დაბალი სტანდარტის ავტომობილებს.