კობახიძე 9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კობახიძე რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს.

„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან რჩებიან. მათ სურთ, მემორიალთან მისვლისა და მისი გვირგვინებით შემკობის უფლება არ მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

რეჟიმის პატიმრების მშობლებმა და სხვა მოქალაქეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. 04:00 საათზე, იმ დროს, როცა 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, სიმბოლურად ჩართეს საეკლესიო ზარების ჩანაწერი. მანამდე აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ რეჟიმის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.